ბათუმში, სილამაზის სალონის წინ, 45 წლის კაცი გამოუვლენელმა პირმა მოკლა
1 ივნისს ბათუმში, ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, 45 წლის როლანდ დავითაძე მოკლეს. „აჭარა თაიმსის” ინფორმაციით, მსხვერპლი სილამაზის სალონის წინ მეუღლეს და არასრულწლოვან შვილს ელოდებოდა. ოჯახი სალონში იმყოფებოდა, ის კი გარეთ, სალონის მიმდებარე ტერიტორიაზე იდგა.
IPN-ის ცნობით, თავდამსხმელმა მას 7-8-ჯერ ესროლა. ჭრილობების შედეგად დავითაძე მძიმე მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი სიცოცხლე ვეღარ გადაარჩინეს.
„სალონში მიაცილა ცოლი და შვილი, იქვე სალონის წინ ესროლეს. მეუღლე და შვილი კარგად არიან. არანაირი მიზეზი არ გვაქვს, სავარაუდოც კი, რატომ ესროლეს,” — განუცხადა ოჯახის ახლობელმა Palitravideo-ს.
ამ ეტაპზე მკვლელობის მოტივი უცნობია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) მიმდინარეობს.