გურამ როგავა ბრიუსელში რასა იუკნევიჩიანეს და კშიშტოფ ბრეიზას შეხვდა
ჟურნალისტი გურამ როგავა ბრიუსელში ევროპარლამენტარებს — რასა იუკნევიჩიანეს და პოლონელ დეპუტატ კშიშტოფ ბრეიზას — შეხვდა. ბრეიზა ის პირია, ვინც ტელეკომპანია „იმედის” სანქცირების პროცესში, როგავას თქმით, „უდიდეს წვლილს” შეიტანა.
ბრეიზამ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში დაადასტურა, რომ „ქართული ოცნების რეჟიმის მიერ კონტროლირებად სამ პროპაგანდისტულ მედიასაშუალებას — რომლებიც სულ უფრო მეტად ‘რუსულ ოცნებას’ ემსგავსებიან — სანქციები დაეკისრათ და ერთი წლით ევროპარლამენტში მუშაობა აეკრძალათ.”
„ვამაყობ, რომ ევროპარლამენტის პრეზიდენტთან და პრესის აკრედიტაციის განყოფილებასთან ერთად ჩემი ოფისის ხუთთვიანმა მუშაობამ კონკრეტული შედეგი გამოიღო. ეს მხოლოდ დასაწყისია ქართველი ხალხის გამარჯვებისა. ჩვენ საქართველოს ხალხის გვერდით ვდგავართ,” — განაცხადა ბრეიზამ.
გურამ როგავა წერს, რომ ბრიუსელის შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბერკეტებს, რომლებითაც ევროპელ პარტნიორებს ქართულ მედიაში რუსული გავლენების შემცირება შეუძლიათ. მისივე თქმით, მხარეები „ძალიან კარგ ინიციატივაზე” შეთანხმდნენ, რომლის დეტალები დაახლოებით ერთ თვეში გამოცხადდება. მიზანი ქართულ მედიაში „რუსული საცეცების მოშთობაა.”
შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა სამთავრობო ტელეკომპანია „იმედს” ბრიუსელში საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა. მოლდოვამ კი „იმედს”, „რუსთავი ორსა” და „პოსტივის” ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიის გაშუქებაზე უარი უთხრა.