TCRC: რიკოთის მაგისტრალი შეიძლება ფასიანი გახდეს — ინფრასტრუქტურის სამინისტრო ალტერნატიულ მარშრუტს ხაზს უსვამს
„სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრმა” (TCRC) გამოაქვეყნა ანალიტიკური მასალა, სადაც კითხვა ისმება: „ხომ არ იგეგმება გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის რეაბილიტაციის შემდგომ, რიკოთის მაგისტრალის ფასიანი მონაკვეთად გადაქცევა?”
TCRC-ის შეფასებით, ამ გზის რეაბილიტაციის პროცესის დაჩქარება, თავისთავად, მისასალმებელია — პროექტი „გაჭიანურებულ” ნუსხაში ფიგურირებდა. თუმცა, ანალიტიკოსებს შეაშფოთა ის გარემოება, რომ ოფიციალურ განცხადებებში ხელისუფლება ამ გზას „ალტერნატიულ” მარშრუტად მოიხსენიებს. ეს ფრაზეოლოგია ექსპერტების მიხედვით მიანიშნებს, რომ სახელმწიფო ძირითად, რიკოთის მაგისტრალზე ყველასთვის სავალდებულო ტოლინგ-სისტემის დანერგვისთვის „ალტერნატიულ” უფასო გზას ამზადებს.
TCRC-ის ანალიზში საგზაო და ლოჯისტიკის ექსპერტები ქვეყნის ძირითადი მაგისტრალების ფასიან მოდელზე გადასვლის პერსპექტივებს, არსებულ ალტერნატივებსა და ფინანსურ რეალობას აფასებენ. ორგანიზაცია მოსახლეობასა და საჯარო სივრცეს ამ საკითხზე ინფორმირებული განხილვისკენ მოუწოდებს.