RBC: "არამეგობრული" სახელმწიფოების მოქალაქეებს რუსეთში ანგარიშებს უყინავენ
ე.წ. “არამეგობრული” სახელმწიფოების მოქალაქეებს, რომლებსაც რუსეთში ბინადრობის სტარუსი არ აქვთ, რუსეთის საბანკო ანგარიშებსა და დეპოზიტებზე ანგარიშებს უბლოკავენ, მათ შორის მცირე თანხებს - ამ ცნობას გამოცემა RBC ავრცელებს, Sberbank-ის, VTB-ის, Alfa-Bank-ისა და T-Bank-ის რამდენიმე კლიენტზე დაყრდნობით.გამოცემის თანახმად, ეს პრობლემა შეეხო მათ შორის “ტალანტების ვიზის” მფლობელებს - ამ ტიპის ვიზები განკუთვნილია მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისთვის, ასევე დასავლეთის ქვეყნებიდან რუსეთში გადასახლებულ ეთნიკურ რუსებს და უცხოეთის მოქალაქეებს, რომლებიც საცხოვრებლად რუსეთში გადავიდნენ “რუსეთის ტრადიციული სულიერი და ზნეობრივი ღირებულებების” ძიების გამო.ბანკის სერვისები უცხოელებს ატყობინებენ, რომ შეზღუდვები შემოღებულია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის 2026 წლის 1 ივნისის ბრძანებით. ამ დოკუმენტის თანახმად, “არამეგობრული” ქვეყნების კრედიტორების მიმართ შემოღებული საპასუხო სანქციების ზომები ახლა მათ საბანკო შენატანებზეც გავრცელდება.2022 წლის მარტში პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას “ზოგიერთი უცხოელი კრედიტორის მიმართ ვალდებულებების შესრულების დროებით წესრიგზე”. დოკუმენტით განსაზღვრულია გადახდის წესები მათ შორის კრედიტებთან, სესხებთან, ფასიან ქაღალდებთან მიმარტებით, მათთვის, ვინც რუსეთში ბინადრობის უფლებას არ ფლობს და “არამეგობრული” სახელმწიფოს კრედიტორია.რუსეთისთვის “არამეგობრული” ქვეყანაა სახელმწიფო ან ტერიტორია, რომელიც ხელისუფლებამ საგანგებო ნუსხაში შეიტანა, ნაბიჯებისთვის, რომლებსაც მოსკოვი მტრულად, ან შემზღუდველად მიიჩნევს.რუსეთში შემუშავებული “არამეგობრული” სახელმწიფოების სია მოიცავს, მათ შორის, აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას, კანადას, იაპონიას, სამხრეთ კორეას, ავსტრალიას. საერთო ანგარიშით ეს სია 50-მდე ქვეყანას აერთიანებს.საქართველო ამ სიაში არ არის. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი, მარია ზახაროვა აპრილში აცხადებდა, რომ თუკი საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდება, რუსეთი „იძულებული იქნება“ ამ ნუსხაში საქართველოც შეიტანოს.
ასევე ნახეთ
ზახაროვა: რუსეთი „იძულებული იქნება“ საქართველო არამეგობრული ქვეყნების სიაში შეიყვანოს, თუ ის ევროკავშირში გაწევრიანდება