36 წლის რაჟდენ ჩინჩალაძეს 24 საათზე მეტია მტკვარში ეძებენ
3 ივნისს გვიან ღამით თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, 36 წლის რაჟდენ ჩინჩალაძის „ჯეტა” უკნიდან შემოჯახებული მანქანის დარტყმით მდინარეში გადავარდა. 24 საათზე მეტია, მაშველები, სამართალდამცველები და ჭიათურის სოფელ ითხვისიდან ჩამოსული თანასოფლელები ამაოდ ეძებენ მძღოლს.
თვითმხილველების მონათხრობით, ავარია გალაქტიონის ხიდთან მოხდა. „სწრაფად მიმავალი მანქანა დაეჯახა, წყალში გადავარდა, მალევე ჩაიძირა. ვიღაცის დაუდევრობამ შეიწირა ეს ადამიანი,” — წერს ერთ-ერთი მომხდარის მოწმე სოციალურ ქსელში.
სხვა ვერსიით, „ჯეტას” „მერსედესი” შეეჯახა, მისი მძღოლი კი „პრიუსს” — „პრიუსის” მძღოლი სასწრაფო დახმარებამ სავადმყოფოში გადაიყვანა.
რაჟდენი ჭიათურის სოფელ ითხვისიდან იყო და თბილისში მღებავად მუშაობდა; ქირით ცხოვრობდა ცოლ-შვილთან ერთად. „ძალიან კარგი ახალგაზრდაა, ვის არ ჰკითხავ — ყველა იმას გეტყვის,” — ამბობს სოფლის მერის წარმომადგენელი დავით მოცრაძე. „მთელი სოფელი ჩასულია, დიდ-პატარა იქ დგას.”
მტკვრის სანაპიროზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.