← მთავარი
საზოგადოება

"ეს დიდი გრძნობა იყო, რომელიც ჩემთან დარჩა... სამწუხაროდ, ის გოგო გარდაიცვალა" — რამაზ იოსელიანი

22 მაისი, 2026 · წყარო: ambebi.ge

„დღემდე ვერაფრით გავბედე, ვყოფილიყავი ისეთი თავხედი, რომ მომეწყო ჩემი ცხოვრება. საკუთარ პრინციპებზე მეთქვა უარი და მხოლოდ კეთილდღეობაზე მეფიქრა,” — ამბობს მსახიობი რამაზ იოსელიანი. რა ესმის ყველაზე ხშირად საკუთარ თავზე, რის ეშინია და რის გამო იღებს საყვედურებს — ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

— ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი…

— მსახიობი. ეს პროფესია გაძლევს შესაძლებლობას, სხვადასხვაგვარ სიტუაციაში აღმოჩნდე, სხვადასხვა ადამიანი გახდე.

— ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე…

— ისევ მსახიობი ვიქნებოდი. სხვა დეტალებსაც არ შევცვლიდი — ვერ შევცვლიდი, ყველაფერი განგების ნებაა, ზემოდანაა დაწერილი.

— ბედისწერის გჯერათ?

— მჯერა: რაც გიწერია, მაინც არ აგცდება. საკუთარი და სხვების გამოცდილებიდან ბევრმა მაგალითმა დამაჯერა, ბედისწერა მაინც გადამწყვეტია.

— ჩემი პირველი წარმატება…

— იყო პიონერთა სასახლეში, სპექტაქლი „რობინ ჰუდი”. მაქებდნენ და ამაზე ვგიჟდებოდი.

— დღეს ჩემთვის პოპულარობა…

— ადამიანების სიყვარულია. როცა იცი, მაყურებელს უყვარხარ და პატივს გცემს, ეს უდიდესი ენერგიის მომცემია. პოპულარობა პასუხისმგებლობაცაა — სულ ფორმაში უნდა იყო.

— ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის…

— მიხეილ თუმანიშვილს. ეს ადამიანი რომ არ ყოფილიყო, ალბათ არ ვიქნებოდი ისეთი მსახიობი, როგორიც დღეს ვარ.

— ბედნიერი ვარ…

— რომ ეს პროფესია ავირჩიე. მსახიობს ყოველთვის უნდა ჰქონდეს საკუთარი სათქმელი, მოქალაქეობრივი პოზიცია.

— ყოველთვის მაქვს სურვილი…

— ვიდგე სცენაზე. პროფესიული წყვეტის პერიოდი მქონდა — სოფელში ცხოველებს ვუვლიდი, კერამიკით ვიყავი დაინტერესებული. ახლაც მაქვს პატარა სახელოსნო, თიხაზე ვმუშაობ. როცა საქმე არ მაქვს, ამით ნერვებს ვიწყნარებ.

— ეს დიდი გრძნობა იყო, რომელიც ჩემთან დარჩა…

— სამწუხაროდ, ის გოგო გარდაიცვალა. ახლაც კი ხშირად მესიზმრება.

— თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს…

— ერთგულებაა. ღალატი არ შემიძლია.

— თვისება, რომელიც არ მომწონს…

— ყოველთვის იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ, და ბევრჯერ წავაგე. არა უშავს — მირჩევნია, ჩემს თავთან მართალი ვიყო.

← მთავარი