← მთავარი
მსოფლიო

570 რაკეტა და დრონი - უკრაინაზე რუსეთის მორიგი მასირებული შეტევის მთავარი სამიზნე კიევი იყო

2 ივლისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
570 რაკეტა და დრონი - უკრაინაზე რუსეთის მორიგი მასირებული შეტევის მთავარი სამიზნე კიევი იყო

უკრაინაზე მასირებული შეტევისას, რომლის ძირითადი სამიზნე დედაქალაქი კიევი იყო, რუსეთის ჯარებმა სხვადასხვა ტიპის 74 რაკეტა და 496 უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენეს. ეს მონაცემები 2 ივლისს დილით გამოაქვეყნა უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ.

რუსეთის მასირებულ დარტყმას, რომელიც პირველიდან ორი ივლისის ღამით დაიწყო, კიევში დიდი მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა.

დაიღუპა სულ მცირე 13 ადამიანი და 86 დაშავდა. დანგრეული და დაზიანებულია სახლები და სხვა შენობები.

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ 3 ივლისი დედაქალაქში გლოვის დღედ გამოაცხადა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოს ინფორმაციით, კიევში პირდაპირი დარტყმა იყო სულ მცირე 20 სახლზე, საერთო ჯამში კი ასამდე სახლია დაზიანებული.

რუსული რაკეტებით და დრონებით შეტევა იყო კიევის ოლქზეც. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მიკოლა კალაშნიკის ცნობით, ხუთი ადამიანი დაშავდა ბუჩის რაიონში და ორი - ბორისპოლში. დაზიანებულია კერძო სახლები, საერთო საცხოვრებელი და საწყობები.

უკრაინის საჰაერო ძალების თანახმად, რუსეთის მორიგი მასირებული შეტევის თავისებურება იყო საჰაერო თავდასხმის სხვადასხვა ტიპის საშუალებების გამოყენება სხვადასხვა მიმართულებიდან და დიდი რაოდენობით ბალისტიკური რაკეტები და რეაქტიული დრონები.

უკრაინის საჰაერო ძალების მონაცემებით, რუსეთის ჯარებმა მასირებული შეტევისთვის გამოიყენეს 4 გემსაწინააღმდეგო რაკეტა „ცირკონი“, 24 ბალისტიკური „ისკანდერი“, 34 ფრთოსანი რაკეტა Х-101 და 8 ფრთოსანი „კალიბრი“, 4 მართვადი საავიაციო რაკეტა და 496 უპილოტო საფრენი აპარატი.

ადგილობრივი დროით დილის ცხრა საათისთვის დადასტურებული იყო საერთო ჯამში, 48 ბალისტიკური, ფრთოსანი და მართვადი საავიაციო რაკეტის და 476 დრონის მოგერიება და 25 რაკეტით და 12 დრონით პირდაპირი დარტყმა 33 ადგილზე.

2 ივლისს დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ „რუსეთის ტერიტორიაზე სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე კიევის რეჟიმის ტერორისტული შეტევების პასუხად“ ქალაქ კიევში და კიევის ოლქში დაარტყეს სამხედრო მრეწველობის საწარმოებს და ენერგოობიექტებს და სამხედრო აეროდრომების ინფრასტრუქტურას დნეპროპეტროვსკის, პოლტავის, ჩერკასის, ჩერნიგოვის და კიევის ოლქებში.

უკრაინის თავდაცვის ძალები ამ გაზაფხულიდან ინტენსიურად უტევენ სამხედრო ობიექტებს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ნავთობის ტერმინალებს და ტრანსპორტირების მარშრუტებს რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში.

რუსეთის რეგიონებში ბენზინის და დიზელის საწვავის გაყიდვა შეზღუდეს, ანექსირებულ ყირიმში კი სრული დეფიციტი შეიქმნა.

უკრაინის პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ ეს არის სამართლიანი პასუხი უკრაინის ქალაქებსა და რაიონებზე რუსეთის ყოველდღიურ დარტყმებზე და მიზანია რუსეთის სახელმწიფო სისტემა დააზიანონ, ომის გაგრძელების შესაძლებლობები შეუზღუდონ და ომის შეწყვეტა აიძულონ.

← მთავარი