[რაგბი. ერთა ჩემპიონატი] ჩვენი მომავალი მეტოქე იაპონიასთან დამარცხდა | Lelo.Ge
რაგბიში ერთა ჩემპიონატი დაიწყო, რომელშიც მსოფლიოს 12 საუკეთესო ქვეყნის ნაკრები ასპარეზობს.
პირველი ტურის ექვსი მატჩიდან სამში გამარჯვება ევროპელებმა მოიპოვეს, სამშიც გამარჯვება ეგრეთწოდებულ სამხრეთ ნახევარსფეროს გუნდებს დარჩათ.
ყველა მატჩი უაღრესად საინტერესო და თვალსასეირო გამოდგა. უმძიმესი ბრძოლა შედგა ქარაისჩერჩში, სადაც ახალი ზელანდიის ნაკრებმა საფრანგეთს უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში ორი ქულის სხვაობით 34:32 დაამარცხა.
ფრანგებს ამ მატჩში ლიდერი ანტუან დუპონი ტრავმის გამო დააკლდათ. ოლ ბლექსმა კი, ახალი მწვრთნელის დეივ რენის ხელმძღვანელობით ითამაშა და გასულ სეზონთან შედარებით უკეთესად გამოიყურებოდა.
სიდნეიში კი, ავსტრალიელებმა ირლანდიის ნაკრებს უმასპინძლეს. მატჩი აქაც ორი ქულის სხვაობით დასრულდა. თუმცა, ამჯერად სტუმრების „სამყურების“ სასარგებლოდ - 33:31. ამით ირლანდიამ დაამტკიცა, რომ გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტია.
საქართველოს ნაკრების მეტოქემ 2027 წლის მსოფლიოს თასზე, იტალიის ნაკრებმა ტოკიოში იაპონიის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა და 10:27 დამარცხდა.
მსოფლიოს ჩემპიონმა სამხრეთ აფრიკამ კი, ჰიოჰანესბურგში ინგლისის საკმაოდ მძლავრ და ღონიერ ნაკრებს შანსი არ დაუტოვა - 45:21.
აღსანიშნავია შოტლანდიის ნაკრების გამარჯვება სტუმრად არგენტინაში - 38:47. ამ მატჩის მთავარი მსაჯი ნიკა ამაშუკელი იყო.
უელსმა, როგორც მოსალოდნელი იყო ფიჯის დამარცხება შეძლო და ჯგუფში გალიდერდა - 39:24.
I ტური
ახ.ზელანდია - საფრანგეთი 34:32
ავსტრალია - ირლანდია 31:33
იაპონია - იტალია 27:10
ფიჯი - უელსი 24:39
არგენტინა - შოტლანდია 38:47
სამ.აფრიკა - ინგლისი 45:21
სატურნირო მდგომარეობა
A ჯგუფი
- უელსი - 5 ქულა, 2. შოტლანდია - 5, 3. ირლანდია, 4. საფრანგეთი - 2, 5. იტალია - 0, 6. ინგლისი - 0
B ჯგუფი
- სამ. აფრიკა - 5 ქულა, 2. ახ.ზელანდია - 5, 3. იაპონია - 4, 4. ავსტრალია - 2, 5. არგენტინა - 1, 6. ფიჯი - 0