საქართველოს რაგბის კავშირი დოპინგ-სკანდალს ეხმაურება — ექვსი მოთამაშე და ყოფილი ექიმი დისკვალიფიცირებულია
World Rugby-მ გამოავლინა ანტი-დოპინგური წესების მრავალი დარღვევა საქართველოს 15-კაცა ნაკრებში 2023 წლის საფრანგეთში გამართული მამაკაცთა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის წინ.
სხვადასხვა ვადით დისკვალიფიცირებულია ექვსი მოთამაშე: ნაკრების ყოფილი კაპიტანი მერაბ შარიქაძე (11 წელი — ტესტირების გაყალბებისთვის), გიორგი ჭყოიძე, ლაშა ხმალაძე, ოთარ ლაშხი, მირიანი მოდებაძე და ლაშა ლომიძე. ასევე დისკვალიფიცირებულია გუნდის ყოფილი მთავარი ექიმი ნუცა შამათავა. World Rugby-მ არასათანადო ქცევის ბრალდება საქართველოს რაგბის კავშირსაც წარუდგინა.
კავშირმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ვკითხულობთ: „კავშირი დაეთანხმა მსოფლიო რაგბის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, შესაბამის ჯარიმასთან ერთად მიიღო ვალდებულება, განახორციელოს რეფორმა ანტი-დოპინგური განათლების მიმართულებით. პროცესის დაწყების პირველივე დღიდან საქართველოს რაგბის კავშირი სრულად და გამჭვირვალედ თანამშრომლობს მსოფლიო რაგბისთან.”
კავშირის თქმით, ანტი-დოპინგური განათლების რეფორმის ფარგლებში „გატარებულია გამკაცრებული პრევენციული ღონისძიებები” და „ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ რაგბი საქართველოში იყოს სუფთა, გამჭვირვალე და მსოფლიო რაგბის სტანდარტებთან სრულად შესაბამისი.”