← მთავარი
მსოფლიო

ღაზაში ისრაელის საჰაერო დარტყმებს სამი ადამიანი ემსხვერპლა

12 ივნისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
ღაზაში ისრაელის საჰაერო დარტყმებს სამი ადამიანი ემსხვერპლა

11 ივნისს ღაზის სექტორში ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა — ამის შესახებ სააგენტო Reuters ჯანდაცვის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იტყობინება. ძალადობა მაშინ მოხდა, როცა შუამავლები აშშ-ის შუამავლობით მიღწეული მყიფე ზავის განმტკიცებას ცდილობდნენ, აცხადებენ მოლაპარაკებებთან დაახლოებული წყაროები.

მედიკოსების თქმით, ქალაქ ღაზაში, მოღრაბის ქუჩაზე მდებარე სახლზე ისრაელის დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ისრაელის სამხედროებმა Reuters-ს განუცხადეს, რომ დაღუპული მებრძოლი იყო.

კიდევ ორი პალესტინელი დაიღუპა ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში, ნუსეირატის ლტოლვილთა ბანაკში განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად. ისრაელის სამხედროებს ამ ფაქტზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ძალადობა მას შემდეგ მოხდა, რაც შუამავლებმა — ეგვიპტემ, კატარმა და თურქეთმა — ერთკვირიანი მოლაპარაკებები გამართეს ჰამასთან (აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი) და პალესტინელების სხვა დაჯგუფებებთან პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გეგმის მეორე ეტაპის შესახებ, რომელიც ჰამასის განიარაღებას და ისრაელის ძალების გაყვანას მოიცავს.

11 ივნისის განცხადებაში ჰამასის მაღალი რანგის წარმომადგენელმა, ჰუსამ ბადრანმა, განაცხადა, რომ მოლაპარაკებებში მიღწეულია „რეალური წინსვლა”, და მოუწოდა შუამავლებს, აიძულონ ისრაელი, შეწყვიტოს ზავის დარღვევა. ბადრანმა არ დააკონკრეტა, რა სახის წინსვლაზე იყო საუბარი.

ჰამასი ღაზის სექტორში კონფლიქტის დასრულების შესახებ სრული შეთანხმების არარსებობას ისრაელს აბრალებს — კერძოდ, ოქტომბერში შეთანხმებული პირველი ფაზის ვალდებულებების შეუსრულებლობას, რამაც ძირითადი საბრძოლო მოქმედებები შეაჩერა, მაგრამ ისრაელის თავდასხმები არ დაასრულა. ისრაელი კი აცხადებს, რომ მისი დარტყმები ჰამასისა და სხვა მებრძოლების მოსალოდნელი თავდასხმების თავიდან აცილებისკენ არის მიმართული.

ორი ეგვიპტური წყაროს ცნობით, შუამავლებსა და პალესტინურ დაჯგუფებებს შორის მოლაპარაკებების მიმდინარე რაუნდი უშედეგოდ დასრულდა — მთავარ საკამათო საკითხად განიარაღება იქცა. წყაროების თქმით, ამ საკითხის გარდა, დაჯგუფებები, მათ შორის ჰამასი, ტრამპის მშვიდობის საბჭოს მიერ წარმოდგენილი 15-პუნქტიანი გეგმის 14 პუნქტზე შეთანხმდნენ.

პალესტინის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჰამასის იარაღისა და ინფრასტრუქტურის განადგურების მოთხოვნა ოთხშაბათს „ისრაელის მხრიდან [ახალ] დაბრკოლებად” იქცა, რამაც პოზიტიური ატმოსფერო დაარღვია. ოთხი წყაროდან ორის ცნობით, ჰამასი სრულ განიარაღებას კვლავაც პალესტინის სახელმწიფოს შექმნისკენ მიმავალი პოლიტიკური გზის დაწყებას უკავშირებს.

ჯანდაცვის წარმომადგენელთა თქმით, ზავის შეთანხმების შემდეგ ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად 950-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა; ისრაელის თქმით კი, ამ პერიოდში მებრძოლებმა მისი ოთხი ჯარისკაცი მოკლეს.

წყაროების ცნობით, წინსვლის არარსებობის გამო, ჰამასსა და ღაზის საკითხებში ტრამპის მშვიდობის საბჭოს წარმომადგენელ ნიკოლაი მლადენოვს შორის ხუთშაბათს დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო. Reuters-ისთვის წერილობით პასუხში მშვიდობის საბჭოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მლადენოვი რეგულარულ კონტაქტს ინარჩუნებს შუამავლებთან და ყველა მხარესთან.

„განხილვები მიმდინარეობს და მნიშვნელოვანი სამუშაოა გასაკეთებელი. ამიტომ ჯერ ნაადრევია დასკვნების გამოტანა კაიროში პალესტინელთა ფრაქციებს შორის შიდა დიალოგის შესახებ”, — განაცხადა ოფიციალურმა პირმა, რომელმაც დეტალების დაზუსტებისგან თავი შეიკავა. „ღაზაში არსებული ყველა იარაღი უნდა განადგურდეს; ღაზის ადმინისტრაციის ეროვნული კომიტეტი, როგორც გარდამავალი ხელისუფლება, უნდა შეუდგეს თავისი მოვალეობების შესრულებას, ხოლო ისრაელმა უნდა დაიხიოს პერიმეტრზე, რათა ღაზის სრული რეკონსტრუქცია დაიწყოს”, — დასძინა მან.

ღაზის ჯანდაცვის ორგანოების მონაცემებით, 2023 წლის ოქტომბერში ღაზაში ომის დაწყების შემდეგ 72 500-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა, მათი უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქე. ისრაელის თანახმად, ჰამასის მიერ 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმებს 1200 ადამიანი ემსხვერპლა, გატაცებული იყო 250 პირი.

← მთავარი