„დარიალის” ნეიტრალურ ზონაში მყოფი უკრაინის 17 მოქალაქე დახმარებასა და პასპორტებს ითხოვს
წელიწადზე მეტია, სასაზღვრო გამტარი პუნქტის, „დარიალის” ე.წ. ნეიტრალურ ზონაში რჩება რუსეთიდან დეპორტირებული უკრაინის 17 მოქალაქე. შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, მათ საზღვრის კვეთის ვალიდური დოკუმენტები არ აქვთ, ამიტომ საქართველოში არ უშვებენ. ისინი არც უკრაინაში და არც რუსეთში დაბრუნებას არ ისურვებენ. როგორც ადვოკატი დარია სამადუროვა ამბობს, ამის გამო ეს ადამიანები გაუსაძლის პირობებში აღმოჩნდნენ გაჭედილები.
შარშან აგვისტოში უკრაინაში დაბრუნდა „დარიალის” ნეიტრალურ ზონაში მყოფი, რუსეთიდან დეპორტირებული 65 უკრაინელი. მაშინ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყებოდა, რომ საზღვარზე კიდევ 22 უკრაინელი რჩებოდა, და იმედს გამოთქვამდა, რომ პროცესი არ გაჭიანურდებოდა. იმავე პერიოდში უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვრიდან 109 უკრაინელი იყო გაყვანილი და უწყება „აგრძელებს მუშაობას იმ დარჩენილი მოქალაქეების დასაბრუნებლად, რომლებმაც უკრაინაში რეპატრიაციის სურვილი გამოთქვეს”.
სწორედ ამ დარჩენილი ადამიანებიდან 17 დღემდე რჩება საზღვარზე. მათი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ადვოკატმა დარია სამადუროვამ გაავრცელა. მისი თქმით, ამ ადამიანებს არ აქვთ დოკუმენტირებული საქართველოში არშემოშვების მიზეზი და „ფაქტობრივად ამ პირებს შსს აკავებს და ათავსებს შსს-ის კონტროლირებად შენობის სარდაფში, უმძიმეს პირობებში”.
სამადუროვა შსს-ის განცხადებას, რომ „სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, აღნიშნულ პირებს არ ეძლევათ ქვეყანაში შემოსვლის შესაძლებლობა, რადგან მათ აქვთ კრიმინალური წარსული და გასამართლებულები არიან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის”, იურიდიულად დაუსაბუთებელს უწოდებს, ვინაიდან, მისი თქმით, ამ ადამიანებს სასჯელი მოხდილი აქვთ. ადვოკატი დაუკავშირდა სახალხო დამცველსაც, თუმცა საკითხის გადაწყვეტა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ომბუდსმენის ოფისიდან რადიო თავისუფლება პასუხს ელოდება.
რადიო თავისუფლება ტელეფონით ესაუბრა ნეიტრალურ ზონაში მყოფ უკრაინის მოქალაქეს, 35 წლის ნიკოლაი კისილს, რომელიც უკვე 11 თვეა იმყოფება დარიალის გამშვებ პუნქტში.
„აქ საშინელი პირობებია, ანტისანიტარია, ტაშტი დგას და ჭიქა ტუალეტში, რითიც ვიბანთ. ხალხი შემოდის ტუალეტში, გხედავენ, როგორ იბან. კვებაც, როგორც ასეთი, არ არის. მოხალისეებს თვეში ერთხელ მოაქვთ საკვები. ადრე წითელი ჯვარი გვეხმარებოდა, წითელ ჯვარსაც 3-4 თვეა არაფერი მოუტანია — უხეშად რომ ვთქვათ, დღეში ერთხელ ვჭამთ. 75 კილოგრამი ვიყავი, როცა მოვედი, ახლა 60 თუ ვიქნები”, — ეუბნება ნიკოლაი კისილი რადიო თავისუფლებას. მისი თქმით, სარდაფში არიან დაავადებული ადამიანები, რომლებიც სათანადო სამედიცინო დახმარებას ვერ იღებენ.
ნიკოლაი 2015 წლიდან რუსეთში იხდიდა სასჯელს. 2025 წლის მარტში გაათავისუფლეს ციხიდან და მოათავსეს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დროებითი მოთავსების ცენტრში. დაახლოებით სამი თვის შემდეგ, როგორც თვითონ ამბობს, ცენტრის უფროსმა უთხრა, რომ „საქართველო იღებს დევნილებს და სთავაზობს თავშესაფარს”. კისილის თქმით, მანამდე მისი ერთი ნაცნობი, უკრაინის მოქალაქე, რომელსაც მსგავსად ვადაგასული პასპორტი ჰქონდა, საქართველოში შეუშვეს და თავშესაფარიც მისცეს. „მეც მეგონა, ასე შემიშვებდნენ საქართველოში; მოხდა ისე, რომ ჩამომართვეს საბუთები და გამიშვეს სარდაფში”, — ამბობს ის.
როგორც ნიკოლაი ჰყვება, რამდენიმე თვის შემდეგ მათ უკრაინის კონსულმა სამშობლოში დაბრუნება შესთავაზა, რაზეც წერილობითი დასტური იყო საჭირო. „ჩვენთან მოვიდა უკრაინის კონსული, გაგვესაუბრა, გვკითხა, თუ არიან უკრაინაში წასვლის მსურველები. ორ ჯგუფად გავიყავით. პირველი ჯგუფი წავიდა — 65 ადამიანი იყო. ისინი ოდესაში საავადმყოფოში მოათავსეს, შემდეგ დანაყოფებში გაანაწილეს, სასწავლო ცენტრში გაუშვეს და ომში გაგზავნეს — ალბათ ცოცხლებიც აღარ არიან”, — ამბობს კისილი. მისი თქმით, იმის შიშით, რომ მათაც საომრად გაგზავნიან, რასაც არ ისურვებენ, ისინი უკრაინაში დაბრუნებაზე უარს აცხადებენ.
„ჩემი მოთხოვნაა მესამე ქვეყანაში მოხვედრა, მათ შორის საქართველოში — ჩემთვის სულ ერთია, უკრაინაში არ მინდა. სასჯელს როცა ვიხდიდი, უკრაინის საელჩოსა და საკონსულოს რამდენჯერმე მივმართე, რომ ჩემი უკრაინაში ექსტრადირება მომხდარიყო, თუმცა უკრაინა არაფერში დამეხმარა. ჩვენ ვცდილობთ, საბუთები გაგვიკეთონ, პასპორტები, და შემდეგ ან ჩვენით წავალთ, ან საქართველოში შეგვიშვებენ, რომ ადამიანურად ვიცხოვროთ”, — ამბობს ის. რადიო თავისუფლება უკრაინის საელჩოსგან პასუხის მიღებას ცდილობს.
რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციას, უწყების განცხადებით, „დარიალის” ე.წ. ნეიტრალურ ზონაში ამ დროისთვის მყოფი 17 პირის სამშობლოში ორგანიზებულ, უსაფრთხო და ნებაყოფლობით დაბრუნებაზე ქართული მხარე ინტენსიურად აგრძელებს მოლაპარაკებებს უკრაინულ მხარესთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოხატავს მუდმივ მზადყოფნას, განახორციელოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული ყველა შესაბამისი ღონისძიება და ხელი შეუწყოს უკრაინულ მხარეს საქართველოს სახელმწიფო საზღვართან მყოფი პირების სამშობლოში დაბრუნების პროცესში. ამასთან, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, შესაბამისი ქვეყნის საელჩოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კოორდინაციით, ე.წ. „ნეიტრალურ ზონაში” მყოფი პირების პირველადი საჭიროებებით უზრუნველყოფას ახორციელებს”, — ნათქვამია განცხადებაში.
რადიო თავისუფლება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტსაც დაუკავშირდა, რათა გაერკვია, შეუძლია თუ არა ორგანიზაციას სასაზღვრო პუნქტში მყოფი უკრაინელებისთვის დახმარების აღმოჩენა. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ შარშან ზაფხულში ისინი მონაწილეობდნენ შეხვედრებში, სადაც ამ ადამიანებისთვის გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება განიხილებოდა.
„ამ ფორმატში შევთანხმდით, რომ წითელი ჯვრის საქართველოს საზოგადოება გაუწევდა დახმარებას — ეს იყო საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, ვენტილატორები, საშხაპე კაბინები და ა.შ. ხუთი სხვადასხვა ტრანშის საშუალებით მიეწოდა ამ ადამიანებს ეს დახმარება. შემდეგ მოხდა ამ ადამიანების უკრაინაში დაბრუნება — ამ ნაწილში ჩვენ აღარ ვმონაწილეობდით”, — უთხრეს რადიო თავისუფლებას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. რაც შეეხება მიმდინარე პროცესს, „დიალოგი ნებისმიერ ხელისუფლებასთან კონფიდენციალური ხასიათისაა”, — ამბობენ ორგანიზაციაში.