პროკურატურამ „ქურდული სამყაროს” წევრობასა და მხარდაჭერაში 50 პირს ბრალი წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ „ქურდული სამყაროს” წევრობის, მისი საქმიანობის მხარდაჭერისა და „კანონიერი ქურდისთვის” მიმართვის ბრალდებით სულ 50 პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები „კანონიერ ქურდებთან” ერთად სისტემატური „ქურდული გარჩევებს” მართავდნენ.
პროკურატურის ცნობით, ბრალდებულები მოქალაქეებს შორის ფინანსურ და კრიმინალურ დავებს განიხილავდნენ — „გადაწყვეტილების” შეუსრულებლობის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.
ბრალდებულთა ნაწილი თბილისის სხვადასხვა უბანში კონკრეტულ მოქალაქეებს ირჩევდა, მათ ნების საწინააღმდეგოდ ინტერნეტ-ბანკის საშუალებით სესხებს ააქტიურებინებდა, შემდეგ კი ამ თანხებს საკუთარ ანგარიშზე ირიცხავდა.
ბრალდება წარდგენილია სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით: 223-პრიმა (ქურდული სამყაროს წევრობა და კანონიერი ქურდობა), 223-ტერცია (ქურდული სამყაროს მხარდაჭერა) და 223-კვარტა (კანონიერი ქურდისათვის მიმართვა). სასჯელი 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა სასამართლოს პატიმრობის შუამდგომლობით მიმართავს.