ყაველაშვილმა შიო III-ის ინტრონიზაციაზე ჩამოსული სასულიერო სტუმრები მიიღო
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ორბელიანის სასახლეში მიიღო სასულიერო წარმომადგენლები, რომლებიც ახალი კათოლიკოს-პატრიარქის, შიო III-ის, ინტრონიზაციაზე ჩამოვიდნენ. ყაველაშვილმა შეხვედრა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
სტუმრებს შორის იყო ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტი, უნეტარესი როსტისლავი, ასევე ალექსანდრიის, რუსეთის, სერბეთის, ბულგარეთის, ელადის, ალბანეთის, პოლონეთისა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლები.
სასახლეში ქართული ეკლესიის ნაწილიც იმყოფებოდა: შიო III, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, გორის და ატენის მიტროპოლიტი ანდრია, სხვა მიტროპოლიტები, ეპისკოპოსები და სასულიერო პირები.
„შეხვედრაზე აქცენტი მართლმადიდებლური ფასეულობების როლზე გავაკეთეთ — თანამედროვე გამოწვევებით სავსე სამყაროში მართლმადიდებელი ეკლესიების მისია კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს”, — განაცხადა ყაველაშვილმა. სტუმრებს ასევე კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებული სამძიმრისა და თანაგრძნობისთვის.