ქართული რაგბი დიდი ამბების მოლოდინშია. მალე თბილისი და ქუთაისი მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებენ, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მეორედ ჩატარდება… ეროვნულ ნაკრებს კი ახალი, ფრანგი მწვრთნელი ჩაიბარებს და ივლისში ჩილეში გაემგზავრება ერთა თასის პირველ გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად. “ბორჯღალოსნები” იქ სამ მატჩს გამართავენ - მასპინძლებთან, სამოასა და ურუგვაისთან… ამ ყველაფრის უკან თითქოს ჩრდილში მოექცა, მაგრამ ეპოქალურ გადაწყვეტილებად შეიძლება გადაიქცეს საქართველოს რაგბის კავშირის ინიციატივა - თანხებს, რომლითაც მუნიციპალიტეტები რაგბის კლუბებს აფინანსებენ, ერთ ფონდში მოუყაროს თავი და იქიდან მოხდეს გუნდებზე განაწილება. დაახლოებით ისე, როგორც ეს ფეხბურთშია. იმისთვის, რომ სურათი ნათელი გახდეს, წარსულში გავიხედოთ. 2009-10 წლებამდე ქართულ სარაგბო კლუბებს დაფინანსება არსაიდან ქონდათ. ხელფასი რა იყო, მორაგბეებიდან ცოტა ვინმემ თუ იცოდა. ესეც იმიტომ, რომ ესა თუ ის კლუბი პერიოდულად ახერხებდა ერთი სეზონით მაინც ჰყოლოდა სპონსორი, რომელიც მინიმალურ მოთხოვნებს აკმაყოფილებდა. რაგბის ისტორიაში ცნობილია ფაქტი, რომ ერთი სახელოვანი კლუბის სახელოვანმა მწვრთნელმა, გუნდი რომ არ დაშლოდა, ბინაც კი გაყიდა და თამაშებზე გასამგზავრებლად ავტობუსს იმ ფულით ქირაობდა. ცხადია, იქ ხელფასზე ლაპარაკი არც ყოფილა. გუნდს, უბრალოდ, თამაშზე გასამგზავრებელი ფული არ ჰქონდა. ცხადია, ასეთმა მდგომარეობამ მოთამაშეების სხვადასხვა, მათ შორის, არასარაგბო ქვეყნებში გადინება გამოიწვია და, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ფინანსური მდგომარეობა ბევრად უკეთესია, ეს პრობლემა ისევ მწვავედ დგას. და მთავარი - კლუბებს არათუ სათამაშო, სავარჯიშო მოედნებიც არ გააჩნდათ. ხან სად ვარჯიშობდნენ და ხან - სად. 2009 წელს, რაგბის კავშირის იმჟამინდელი პრეზიდენტის, გიორგი ნიჟარაძის ხელმძღვანელობით, “რაგბის განვითარების სახელმწიფო პროგრამა” შეიქმნა, რომელიც მთავრობამ მალევე დაამტკიცა. ეს პროგრამა, სხვა ყველაფერთან ერთად, სახელმწიფოს მხრიდან კლუბების დაფინანსებას ითვალისწინებდა. თავდაპირველად, თანხა ჩემპიონატში დაკავებული ადგილის მიხედვით იყოფოდა. ოდნავ მოგვიანებით, ეს პრინციპი შეიცვალა… ცოტა, მაგრამ კლუბებს ფული მაინც გაუჩნდათ. მორაგბეებს ხელფასები დაუნიშნეს. კარგად მახსოვს, ერთი ცნობილი კლუბის მწვრთნელი გაოცებანარევი სიხარულით რომ მეუბნებოდა - რაგბით ოჯახის რჩენას თუ მოვახერხებდი, ვერასდროს წარმოვიდგენდიო. ამ მწვრთნელს, სხვათა შორის, ეროვნულ ნაკრებში რამდენიმე კეპი აქვს მოხვეჭილი… ერთი სიტყვით, “რაგბის განვითარების სახელმწიფო პროგრამის” წყალობით, მორაგბეებმა ოჯახების რჩენა დაიწყეს. ამას მალე სტადიონების მშენებლობის ბუმი მოჰყვა, რომელიც რაგბის კავშირმა ფონდ “ქართუს” ფინანსური დახმარებით განახორციელა. საყოფაცხოვრებო პირობებთან ერთად, მორაგბეთა სავარჯიშო და სათამაშო პირობებიც გაუმჯობესდა. ასე მოვედით დღემდე. რაგბის კავშირმა გადაწყვიტა დაფინანსების ახალი მოდელი შემოიღოს. წინასწარ ძნელი სათქმელია, რა გავლენას იქონიებს ის ქართული საკლუბო რაგბის განვითარებაზე. ეს მოდელი, დიდი ხანია, უკვე მუშაობს ფეხბურთში. ამასთან დაკავშირებით, კომენტარი ფეხბურთის ცნობილ მიმომხილველს, ალექსანდრე კაკაურიძეს ვთხოვე: “ორი აზრი არ არის, ამ ფონდმა უდავოდ იხსნა კოლაფსისგან ჩვენი საკლუბო ფეხბურთი, ეროვნული ჩემპიონატი. სხვა რომ არაფერი, გუნდებში მწვავედ იდგა ხელფას-პრემიებისა და კვების პრობლემა. იყო ხოლმე შემთხვევები, როცა უფულობის გამო, გუნდები კალენდარულ მატჩებზეც კი ვერ ახერხებდნენ გამგზავრებას… თუმცა იყო ნეგატივიც - ქართული კლუბების ხელმძღვანელთა უმრავლესობა გაზარმაცდა. სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ თანხას დასჯერდა და ახალ-ახალი სპონსორების მოსაძიებლად ხელიც კი არ გაუნძრევია. ეს ყველას არ ეხება, მაგრამ… ბევრი სჯა-ბაასია იმის თაობაზე, ხომ არ უნდა შეიცვალოს დაფინანსების პრიორიტეტები, მეტი თანხა ხომ არ უნდა დაიხარჯოს ახალგაზრდულ სექტორზე, ბავშვთა ფეხბურთზე, რაც, ჩვენი აზრით, გამართლებული გვგონია. თავის დროზე, ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამამ ეროვნული ლიგა შეგვინარჩუნა, მაგრამ პროექტი სიახლეებსაც რომ საჭიროებს, ესეც ფაქტია”, - გვითხრა ალექსანდრემ. როგორც ხედავთ, პროგრამა ბოლომდე გამართულად (უფრო ზუსტად - სწორი პრიორიტეტებით) ვერც ფეხბურთში მუშაობს და იმის თქმა, რომ რაგბიში აუცილებლად გაამართლებს, ნაადრევია. ახლა, მოდით ვნახოთ, რას ჰპირდება ჯერ კიდევ დაუარსებელი ფონდი რაგბის კლუბებს… დაფინანსების ახალი მოდელი კონკრეტულ ფინანსურ გარანტიებს ადგენს. დიდ 10-ში (უმაღლესი ლიგა) მოთამაშე ყველა კლუბი გარანტირებულად მიიღებს ერთ მილიონ ასი ათას ლარს საბაზისო დაფინანსების სახით. ამას დაემატება სპორტული ბონუსი, რომლის მიხედვითაც რეგულარულ ჩემპიონატში მოპოვებული ყოველი ერთი გამარჯვება კლუბს დამატებით 20 ათას ლარს მოუტანს. სეზონის ბოლოს საპრიზო ფონდის სახით კიდევ ერთი მილიონი ლარი გადანაწილდება საუკეთესოებს შორის. ამასთან ერთად, კლუბების ახალგაზრდული გუნდები მიზნობრივად 50 ათას ლარს მიიღებენ. პირველ ლიგაში თითოეულ კლუბზე საბაზისო დაფინანსება 500 ათასი ლარია. ხოლო, თითოეულ მოგებაზე ბონუსად - 7 ათასი ლარი . ახალი წესით კლუბს არ აქვს უფლება თანხები საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგოს. დაფინანსების ზუსტად 60 პროცენტი სრულად ხელფასებს უნდა მოხმარდეს. ამ 60-ის 20 პროცენტი მწვრთნელების, ექიმებისა და მენეჯერების ანაზღაურებაზე უნდა წავიდეს, დანარჩენი კი უშუალოდ მორაგბეებზე გადანაწილდება. თუ კლუბი შეძლებს და სპონსორს მოიზიდავს, ფონდი ამ თანხას გააორმაგებს. პირველ ლიგაში მაქსიმალური სტიმული 100 ათასი ლარია. ყოველივე აქედან ნათლად სჩანს, რომ კლუბი დამოუკიდებლად ვეღარ იარსებებს, ვერ გადაწყვეტს მისთვის რა უფრო პრიორიტეტულია - ბავშვთა რაგბიზე მეტი ყურადღება, ინფრასტრუქტურული პორობების გაუმჯობესებაზე ზრუნვა თუ ათასი სხვა რამ… კლუბებს რაგბის კავშირიდან დირექტივა მიუვიდათ - მოთამაშეებთან კონტრაქტები ჯერ არ გააფორმონ. მორაგბეები გაურკვევლობაში არიან. კლუბები მასობრივად დატოვეს ფიჯელმა მორაგბეებმა. რამდენიმე მათგანმა საფრანგეთს მიაშურა, სხვები სამშობლოში დაბრუნდნენ… მაგალითისთვის, ლისალა ნასეგე, რომელიც გასულ სეზონში “წიქარას” ღირსებას იცავდა, რუსეთში გადაბარგდა და პენზის “ლოკომოტივს” შეუერთდა. მათ კვალს, შესაძლოა, კიდევ ბევრი ქართველი მორაგბე დაადგეს. ახალ პროგრამაში კარგი ის არის, რომ კლუბებს სპონსორის მოძიების სტიმულირებას ჰპირდება. თუ თვალს გადავავლებთ დიდი 10-ის კლუბებს, ვნახავთ, რომ 10-დან სპონსორი 7 კლუბს ჰყავს. ორ მათგანს 2-2 სპონსორიც კი უშოვია. ასე მაგალითად, ქვეყნის ჩემპიონის, “ბათუმის” სპონსორი ბათუმის სამედიცინო ცენტრია, რომელიც, სავარაუდოდ, გუნდის მორაგბეებს უსასყიდლოდ ემსახურება. ძირითად დაფინანსების წყარო კი, ბათუმის მერიაა. ქუთაისის “არესის” სპონსორი “ოტო მოტოა”, ქუთაისის “აიას”, რომელიც ერთ-ერთი ძველი და ტიტულოვანი კლუბია, სპონსორი არ ჰყავს. არადა, ერთი პერიოდი ამ კლუბს ფინანსურად ფრანგული კომპანია “ალტრადი” ეხმარებოდა. ეს ის კომპანიაა, რომელიც საფრანგეთისა და ახალი ზელანდიის ნაკრებთა სპონსორია. მისი მეპატრონე არაბული წარმოშობის ფრანგი მილიარდერი მოედ ალტრადია - რაგბის კლუბ “მონპელიეს” პრეზიდენტი. “აიას” მსგავსად, სპონსორები არ ჰყავთ თბილისის “არმიასა” და “გორს”. რუსთავის “ხარების” სპონსორები არიან “ინდო რამა” და “რუსთავი აზოტი”. თბილისის “ლელოს” ფინანსურად საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ეხმარება. თბილისის “ხვამლს” “კომპავა” სპონსორობს. თბილისის “წიქარას” კი, სამშენებლო კომპანია “ოპიზარი”. პირველ ლიგაში დაქვეითებულ სტაფანწმინდას “ყაზბეგს” “დარიალი ენერჯი” ეხმარებოდა. დიდ 10-ში აღზევებულ პატარძეულის “ვეფხვებს” KBOC სპონსორობდა. ეს არის შპს “კურა ბეისინ ოფერეითინგ კომპანი”, რომელიც ნავთობისა და გაზის ძებნა-მოპოვებას ახორციელებს საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში. “ვეფხვების” კიდევ ერთი სპონსორი იყო კომპანია “სვანიძე - ზეთისხილის პროდუქცია”. როგორც ხედავთ, მდგომარეობა მთლად კატასტროფულიც არ არის. ცხადია, მთავარი აქ ის გახლავთ, თუ რამდენად დიდია ამ კომპანიების მიერ გაღებული თანხები თითოეული კლუბის ბიუჯეტში. და თუ ამ თანხებს ფონდი გააორმაგებს, ცხადია, მისასალმებელია. ერთი სიტყვით, ფონდის მიერ წარმოდგენილ დაფინანსების ახალ პროგრამაში შუქიც შეიძლება ბევრი იყოს და ჩრდილიც. აქ, ვფიქრობთ, წამლის პრინციპი იმოქმედებს - თუ დანიშნულებისამებრ და ზუსტი დოზით გამოიყენებ, მოგარჩენს, თუ არა და…