← მთავარი
სამართალი

სალონიკში ქართული კრიმინალური ჯგუფის წევრები დააკავეს — ნაძარცვის მოცულობა €600 000-მდეა

3 ივლისი, 2026 · წყარო: on.ge
სალონიკში ქართული კრიმინალური ჯგუფის წევრები დააკავეს — ნაძარცვის მოცულობა €600 000-მდეა

სალონიკის ცენტრში კარგად ორგანიზებული ქართული კრიმინალური ჯგუფის წევრები დააკავეს, რომლებიც საკეტების გატეხასა და ძარცვაში იყვნენ დახელოვნებულები.

როგორც ბერძნული მედია წერს, ბანდის წევრები სახლების გატეხასა და ძარცვას ისე ახერხებდნენ, რომ არანაირ კვალს არ ტოვებდნენ. გამოძიების შედეგად, დანაშაულის ჩადენის დროს, 36 და 24 წლის ჯგუფის ორი წევრი დააკავეს, რომლებიც წარმოშობით საქართველოდან არიან.

მათივე ცნობით, იდენტიფიცირებულია 39 წლის კიდევ ერთი ქართველი, რომელიც ძებნაშია. საბერძნეთის პოლიცია სხვა თანამზრახველების იდენტიფიცირებას განაგრძობს .

სპეცოპერაცია 25 ივნისის დილას, სალონიკის ცენტრში ჩატარდა.

36 წლის კაცი მაშინ დააკავეს, როდესაც მას უკვე გატანილი ჰქონდა სახლიდან სამკაული, ვერცხლის ჭურჭელი და მონეტები, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 55 000 ევრო იყო. საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელთან დააკავეს 24 წლის მეორე კაციც.

როგორც საგამოძიებო მასალებიდან ირკვევა, ბანდა მინიმუმ 2025 წლის დეკემბრიდან მოქმედებდა.

დანაშაულებრივი ჯგუფის სტრატეგია გულისხმობდა კონკრეტული ტიპის დამცავი საკეტების მქონე სახლების მიზანში ამოღებას, მაცხოვრებლების ყოველდღიური გადაადგილების მონიტორინგს და შემდეგ ძარცვას.

ამას გარდა, ბერძენმა სამართალდამცავებმა საცხოვრებელი სახლების ქურდობების კიდევ რვა შემთხვევა გახსნეს. მათი ცნობით, დამნაშავეებმა მოახერხეს 531 360 ევროზე მეტი ღირებულების სამკაულის და ძვირფასი ნივთების მოპარვა, ასევე მათ ხელში აღმოჩნდა 54 000 ევროზე მეტი ღირებულების ნაღდი ფული ევროში, ბრიტანულ გირვანქა სტერლინგსა და დოლარში. ნაძარცვის მთლიანი ღირებულება 585 000 ევროს აჭარბებს.

← მთავარი