ქრთამის აღების ბრალდებით საბაჟო გამშვები პუნქტ "წითელი ხიდის" ცვლის უფროსი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბარლდებით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტ “წითელი ხიდის” ცვლის უფროსი დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მოქალაქეს დაჰპირდა, რომ ხელს შეუწყობდა სავალდებულო დეკლარირების გარეშე 200 000 აშშ დოლარის შემოტანაში. აღნიშნული მფარველობის სანაცვლოდ, საჯარო მოხელემ ქრთამის სახით, ყოველ ერთეულ შემთხვევაში, 8 000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა.
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული წინასწარ მოთხოვნილი თანხის ნაწილის - 4 000 აშშ დოლარის აღებისთანავე დააკავეს.
სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ამსახველი აუდიო და ვიდეომტკიცებულებები”. - ნათქვამია განცხადებაში.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.