რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, მიმართ ნდობისა და მისი საქმიანობის მოწონების მაჩვენებელი ზედიზედ მეორე კვირაა მცირდება. ამის შესახებ Meduza რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის (VCIOM) მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
VCIOM-ის უახლესი გამოკითხვის მიხედვით, რომელიც 29 ივნისიდან 5 ივლისამდე პერიოდში ჩატარდა, პუტინის საქმიანობას დადებითად აფასებს გამოკითხულთა 66%, — ერთი კვირით ადრე ეს მაჩვენებელი 66.9% იყო.
ამავე პერიოდში პრეზიდენტის მიმართ ნდობის დონე 72.3%-მდე შემცირდა, წინა კვირაში მაჩვენებელი 73.3% იყო, ხოლო ორი კვირის წინ — 76.7%-ს შეადგენდა.
Meduza-ს ინფორმაციით, კვლევის ცენტრმა გამოკითხვა კომბინირებული მეთოდით ჩაატარა. მაისის დასაწყისში ცენტრმა შეცვალა მეთოდოლოგია და ტელეფონით ინტერვიუების გარდა, კარდაკარ ინტერვიუების ჩაწერა დაიწყო.
Meduza ასევე აღნიშნავს, რომ გამოცემა Agentstvo-ს შეფასებით, Public Opinion Foundation-ის (FOM) მონაცემების მიხედვით, გასულ კვირას რუსეთის მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თემა ბენზინის დეფიციტი და საწვავზე ფასების ზრდა იყო.