პუტინისთვის შექმნილ სპეციალურ ტრიბუნალს ნიდერლანდები უმასპინძლებს – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ჩადენილი აგრესიის დანაშაულთან დაკავშირებით სპეციალურ ტრიბუნალს ნიდერლანდები უმასპინძლებს.
3 ივლისს ზელენსკიმ და ნიდერლანდების პრემიერმინისტრმა, რობ იეტენმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ზელენსკიმ ნიდერლანდების მთავრობის ხელმძღვანელს რუსეთის მიერ წინა ღამით განხორციელებული რუსეთის მასშტაბური თავდასხმების შედეგები გააცნო.
საუბრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საჰაერო თავდაცვა კვლავ რჩება უკრაინასა და ნიდერლანდებს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად.
ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა იეტენის მთავრობას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის სპეციალური ტრიბუნალის სრულფასოვნად მასპინძლობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისთვის.
“ეს გადაწყვეტილება შესაძლებელს გახდის, რომ რუსეთის უმაღლესი პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა პასუხისგებაში მიეცეს უშუალოდ აგრესიის დანაშაულისთვის და არა მხოლოდ მისი შედეგებისთვის” - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, 15 მაისს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე წევრებმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალის შექმნას მხარი დაუჭირეს.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მოლოდინით, სპეციალური ტრიბუნალი საქმიანობას მომავალ წელს დაიწყებს.