← მთავარი
პოლიტიკა

რუსული მედიის ცნობით, პოლიტიკურ წრეებში განიხილება "პუტინის გზა" – ის საქართველოსაც ეხება

29 სექტემბერი, 2026 · წყარო: tabula.ge
რუსული მედიის ცნობით, პოლიტიკურ წრეებში განიხილება

რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია რია ნოვოსტი წერს, რომ “ექსპერტულ და პოლიტიკურ წრეებში აქტიურად განიხილავენ” სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ინიციატივას, რომელსაც “პუტინის გზა” ჰქვია. პროპაგანდისტული მედიის ცნობით, გეგმა მოიცავს, ოკუპირებული აფხაზეთის გავლით, რუსეთს, საქართველოსა და სომხეთს შორის “ლოგისტიკის გამართვას”.

პროპაგანდისტულ მედიასთან ამის შესახებ ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსეთის კვლევების ცენტრის დირექტორმა, არამ საფარიანმა ისაუბრა.

ეს ინიციატივა, რომლის პრეზენტაციაც 2026 წლის მაისში შედგა, ეკუთვნის რუსეთის კომუნიკაციების განვითარების კვლევის ნაციონალური ინსტიტუტის (НИИРК) დირექტორს, ვლადისლავ გასუმიანოვს. რუსული პროპაგანდისტული მედიის ცნობით, 28 სექტემბერს ეს საკითხი ერევანში გამართულ საერთაშორისო საექსპერტო კონფერენციაზე – სამხრეთ კავკასიის სატრანსპორტო-ლოგისტიკური ქსელების განვითარების პერსპექტივები – განიხილეს. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ რუსეთისა და კავკასიის კვლევების ინსტიტუტის, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსეთის კვლევების ცენტრისა და ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის არმენოლოგიის ინსტიტუტის სომხეთ-რუსეთის ურთიერთობების კვლევის განყოფილების წარმომადგენლები.

„დღეს სამხრეთ კავკასიის სატრანსპორტო-ლოგისტიკური ქსელების თანამედროვე რეალობაში განვითარების პერსპექტივებზე ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსია გავმართეთ. ამ განხილვის მიზეზი იყო ე.წ. “პუტინის გზა” – გეგმა, რომელიც ჩვენმა კოლეგამ, НИИРК-ის დირექტორმა ვლადისლავ გასუმიანოვმა წარმოადგინა. მის ინიციატივას, რომელიც შავი ზღვის სანაპიროს გავლით რუსეთს, საქართველოსა და სომხეთს შორის სატრანსპორტო კავშირების განბლოკვასა და აღდგენას ითვალისწინებს, რუსეთში გამოხმაურება მოჰყვა.” – თქვა საფარიანმა.

მისი თქმით, ამ მარშრუტზე საუბარი 2016 წელსაც მიმდინარეობდა, თუმცა “ცხოვრებამ სრულიად სხვა მიმართულებით წაგვიყვანა და ამის შესახებ დაივიწყეს”.

“ახლა ამ საკითხის განხილვა ისევ დაიწყო საექსპერტო და პოლიტიკურ წრეებში. თუმცა, როგორც ვლადისლავ გასუმიანოვი ამბობს, საჭიროა ახალი, არაპოლიტიკური გადაწყვეტილებები.” – თქვა საფარიანმა.

საფარიანის თქმით, სატრანსპორტო კავშირების განვითარება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პოზიციას დაიკავებენ პოლიტიკური აქტორები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია რია ნოვოსტი ე.წ. “პუტინის გზაზე” წერს, თუმცა ამ იდეის შესახებ ცნობები რუსულ მედიაში ამ წლის მაისშიც გავრცელდა. იდეის ავტორმა, ვლადისლავ გასუმიანოვმა სახელი ტრამპის გზის პასუხად მოიფიქრა. ტრამპის გზის მეშვეობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ლოგისტიკური პრობლემები დარეგულირდა.

გასუმიანოვმა ივლისში გაავრცელა სტატია, რომელშიც საკუთარ იდეას განიხილავს. ამ ინიციატივის მთავარი ნაწილი ოკუპირებული აფხაზეთის გავლით ლოგისტიკური გზების გახსნაა. “პუტინის გზა” საბჭოთა რკინიგზის აღდგენას გულისხმობს: მოსკოვი, სოხუმი, თბილისი, ერევანი, რომელიც აფხაზეთის ომის შემდეგ შეწყდა. გასუმიანოვი საკუთარი პოზიციის სასარგებლო არგუმენტებად ამბობს, რომ რუსეთის ვიცეპრემიერი, ალექსეი ოვერჩუკი ოკუპირებული აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის შესაძლებლობაზე ლაპარაკობდა.

ოვერჩუკი: განიხილება რუსეთსა და საქართველოს შორის აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენა

იდეის ავტორი ასევე თვლის, რომ “პუტინის გზა” ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმისთვის შესაძლოა საერთაშორისო იზოლაციიდან გამოსვლის გზა გახდეს.

← მთავარი