პუტინმა და სი ძინპინმა პეკინში ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და „მრავალპოლარული სამყაროს” შესახებ დოკუმენტებს მოაწერეს ხელი
20 მაისს პეკინში შეხვდნენ ჩინეთის მეთაური სი ძინპინი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომელიც ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით 19 მაისს ჩავიდა. სამთავრობო დელეგაციების მოლაპარაკებების შემდეგ ლიდერებმა ხელი მოაწერეს ორ დოკუმენტს.
ხელმოწერილი დოკუმენტები
პირველი — ერთობლივი განცხადება „ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული ურთიერთქმედების შემდგომი განმტკიცების შესახებ.” კრემლის თანაშემწის იური უშაკოვის სიტყვებით, დოკუმენტი „ყოვლისმომცველი” ხასიათისაა. ერთ-ერთი პუნქტი სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას ეხება — ერთობლივი წვრთნები, ორი ქვეყნის შეიარაღებული ძალების „ტრადიციული მეგობრობის” განმტკიცება, სხვადასხვა საფრთხეზე ერთობლივი რეაგირება.
მეორე — დეკლარაცია „მრავალპოლარული მსოფლიოსა და ახალი ტიპის საერთაშორისო ურთიერთობების” შესახებ. კრემლის თანაშემწემ ამ დოკუმენტს „კონცეპტუალური და პროგრამული” უწოდა.
ლიდერების განცხადებები
სი ძინპინმა თქვა, ჩინეთმა და რუსეთმა ერთმანეთს მხარი უნდა დაუჭირონ „ძირეულ ინტერესებს” შეეხებულ საკითხებში. შეხვედრის შემდეგ მან ახლო აღმოსავლეთი „ომიდან მშვიდობაზე გადასვლის გადამწყვეტ ეტაპზე” მყოფად შეაფასა.
პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები „უპრეცედენტოდ მაღალ დონეზეა” — ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა ეროვნული ვალუტებით ანგარიშსწორების გამო გარე ზეგავლენისგან დაცულია. პუტინმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი ჩინეთში ნავთობისა და გაზის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია. ლიდერებმა, პრესსა-ინფორმაციის მიხედვით, ასევე განიხილეს უკრაინისა და ირანის თემები.
„ციმბირის ძალა 2” — ვადები კვლავ გაურკვეველია
ვიზიტის ერთ-ერთ მიზნად ანალიტიკოსები „ციმბირის ძალა 2” გაზსადენის მშენებლობის ვადებზე შეთანხმებას ასახელებდნენ. ეს პროექტი მოსკოვისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროპული ბაზრის დაკარგვის შემდეგ. კრემლის პრესსპიკერ პესკოვის თქმით, მარშრუტსა და ძირითად პარამეტრებზე ურთიერთგაგება არსებობს, თუმცა „გარკვეული ნიუანსები” და ვადები გაურკვეველი რჩება. ამავდროულად, კრემლის თანაშემწემ სახელმწიფო ტელეარხ „როსიას” განუცხადა, რომ „ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე” შეთანხმდნენ — რა კონკრეტულ საკითხზე, არ დაუზუსტებია.
ვიზიტის მეორე დღეს ჩინეთმა გამოაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს 2027 წლის ბოლომდე აგრძელებს.