← მთავარი
მსოფლიო

პუტინი აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ქვეყანაში "ნერვული ატმოსფეროს" შესაქმნელად ბომბავს

10 ივლისი, 2026 · წყარო: on.ge
პუტინი აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ქვეყანაში

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს ქვეყანაში “ნერვული ატმოსფეროს” შესაქმნელად ახორციელებენ.

“სრულიად აშკარაა, რომ მოწინააღმდეგე ცდილობს, ზიანი მიაყენოს ეკონომიკას. თუმცა, რაც მთავარია — ის საზოგადოებაში ნერვული ატმოსფეროს შექმნას ესწრაფვის. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს შეუსრულებელი ამოცანაა”, — განაცხადა პუტინმა 8 ივლისს, მთავრობის წევრებთან გამართულ თათბირზე.

პრეზიდენტის თქმით, “რუსეთის ენერგოსისტემის მარაგის მაჩვენებელი ძალიან მაღალია და მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა”. მან კომპანიებს მოუწოდა, საკუთარ ავტოგასამართ სადგურებზე “პროდუქტი არ შეაკავონ” და საწვავი დამოუკიდებელ ავტოგასამართ სადგურებსაც მიაწოდონ.

პუტინმა დასძინა, რომ საწვავთან დაკავშირებული პრობლემები დროებითია და, სხვა მიზეზებთან ერთად, იმითაც აიხსნება, თითქოს უკრაინა შვებულებების სეზონის ჩაშლას ცდილობს.

პრეზიდენტმა გასცა განკარგულება, უფრო სწრაფად აამოქმედონ მცირე და საშუალო ბიზნესის შესაძლებლობები ნავთობპროდუქტების წარმოების მიმართულებით.

ბოლო თვეებში რუსეთში საწვავის კრიზისი გამწვავდა, რაც უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე განხორციელებულმა დარტყმებმა გამოიწვია — თავდასხმა ქვეყნის ყველა უმსხვილეს ქარხანაზე განხორციელდა. ამის გამო, რუსეთის მოქალაქეებს ავტოგასამართ სადგურებზე რიგებში დგომა საათობით უწევთ.

ივნისის ბოლოს ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთზე დარტყმების შეწყვეტის ინიციატივა წამოაყენა იმ პირობით, თუ მოსკოვი უკრაინის ტერიტორიის სიღრმეში იერიშებს შეაჩერებდა, თუმცა რუსეთის პრეზიდენტმა ამ წინადადებაზე უარი თქვა.

← მთავარი