პუტინმა ტრამპს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და 1სთ და 25 წუთი ისაუბრეს
პუტინსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, იური უშაკოვი ავრცელებს. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
საუბრისას პრეზიდენტები უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს შეეხნენ, მათ შორის ტრამპის ნატოს სამიტში მონაწილეობის გეგმების კონტექსტში. უშაკოვის განცხადებით, პუტინმა „ბრძოლის ველზე არსებული რეალური სურათი აღწერა“ და აღნიშნა, რომ რუსული ჯარები შეხების ხაზის მთელ სიგრძეზე წინ მიიწევენ.
პუტინმა ასევე ისაუბრა „პოლიტიკურ-დიპლომატიური დარეგულირების უპირატესობაზე“, თუმცა „რუსეთის პრინციპული მიდგომების“ გათვალისწინებით. უშაკოვის თქმით, უკრაინის საკითხის მოგვარებაში შუამავლობის მცდელობებს სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი გააგრძელებენ.
კრემლის მტკიცებით, ტრამპმა ხაზი გაუსვა რუსეთსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის „კოლოსალურ პერსპექტივებს“, რომლებიც შესაძლოა უკრაინასთან კონფლიქტის დასრულების შემდეგ გაიხსნას.
გარდა ამისა, პრეზიდენტებმა რუსეთისა და აშშ-ის „საერთო ისტორიულ ფურცლებზეც“ ისაუბრეს. პუტინმა ტრამპს ამერიკული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებაში რუსეთის წვლილი შეახსენა, ისევე როგორც მოსკოვისა და ვაშინგტონის მოკავშირეობა მეორე მსოფლიო ომში.
პუტინმა ტრამპთან საუბარში დაადასტურა რუსეთის ფედერაციის მზადყოფნა, ხელი შეუწყოს დეესკალაციას ირანის გარშემო.
4 ივლისს პუტინსა და ტრამპს შორის გამართული საუბრის ინიციატორი აშშ იყო, რაც უშაკოვის აზრით, „ბევრ რამეზე მეტყველებს“.
პუტინისა და ტრამპის საუბარი 1 საათსა და 25 წუთს გაგრძელდა.