პუტინი: რუსეთი რთულ ეტაპს გადის, მაგრამ ამან ბევრი რამ გვასწავლა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი ომის გამო “რთულ ეტაპს გადის”, თუმცა “ამან ბევრი რამ ასწავლა” და მოსახლეობას საშუალება მისცა, რომ შეეგრძნოთ, თუ რას ნიშნავს რუსეთის მოქალაქეობა.
ამის შესახებ პუტინმა მმართველი პარტიის, “ერთიანი რუსეთის” ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას ილაპარაკა.
“რთულ ეტაპს გავდივართ, მაგრამ ამან ბევრი რამ გვასწავლა, საშუალება მოგვა, რომ რუსეთის მოქალაქეობის ცნების ძირეული არსი შეგვეგრძნო, პატრიოტიზმის ჭეშმარიტი მნიშვნელობა გაგვეაზრებინა”. - თქვა პუტინმა.
ამასთან, პუტინმა თქვა, რომ რუსეთი “მხოლოდ ძლიერი” შეიძლება იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საერთოდ არ იარსებებს. მისივე მტკიცებით, რუსეთი, “როგორც მსოფლიო ფაქტორი”, “ბოროტებას ყოველთვის წინ ედგა” და უპირისპირდებოდა.
“რუსეთი მხოლოდ ძლიერი, დამოუკიდებელი სახელმწიფო შეიძლება იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, არანაირი რუსეთი არ იარსებებს. შეხედეთ, როგორცვე ნებისმიერ სისუსტეს ვავლენთ, რუსეთს ანგარიშს აღარ უწევენ და ძალის ენით იწყებენ ლაპარაკს. როგორც ხალხი იტყოდა, კბილს სინჯავენ, სურთ, რომ ყველა საშუალებით დაგვასუსტონ, თავიდან მოგვიცილონ, როგორც მსოფლიო ფაქტორი, რომელიც ბოროტებას ყოველთვის წინ ედგა” - თქვა
პუტინმა ასევე მადლობა გადაუხადა სამხედროებს, მოხალისეებსა და მშრომელებს, რომელთა “წყალობით […] რუსეთი მტკიცედ დგას ფეხებზე”.
გარდა ამისა, პუტინი ირწმუნება, რომ სამხედრო მარცხის გამო უკრაინამ “ტერორისტულ ქმედებებს” მიმართა. რუსეთის პრეზიდენტის მტკიცებით, უკრაინის საბრძოლო მოქმედებები ტერორისტულია, რადგან ინფრასტრუქტურაზე იერიშებსა და ქვეყნის შიგნით რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად ადამიანების გადაბირებას მოიცავს.