პუტინისთვის ახალი ამბების გაფილტრულ გამოშვებებს ამზადებენ – Россия-1-ის ყოფილი რედაქტორი
რუსეთის სამთავრობო ტელევიზიის Россия-1-ის საინფორმაციო გადაცემა Вести-ის ყოფილმა მთავარმა რედაქტორმა დმიტრი სკორობუტოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის სახელმწიფო არხები საინფორმაციო გამოშვებების გაფილტრულ ვერსიებს ამზადებენ, რომლებიც მას და რუსეთს დადებითად წარმოაჩენს.
სკორობუტოვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, ბოლო 15 წლის განმავლობაში, სავარაუდოდ შერჩეულ საინფორმაციო გამოშვებებს ანახებენ, რომლებიც “ლამაზი რუსეთის იდეალურ სურათს” ასახავს.
მისი თქმით, როდესაც Россия-1-ში მუშაობდა, ჩვეულებრივი პრაქტიკა იყო, რომ Вести-ის ჟურნალისტები ოფიციალური ეთერის შემდეგ სტუდიაში რჩებოდნენ და იღებდნენ ცალკე ვერსიას, რომელიც პუტინისთვის იყო მორგებული.
“ასე იყო: ვთქვათ, ჩვეულებრივი Вести-ის გამოშვება გადიოდა საღამოს 8 საათზე. ამის შემდეგ ჯგუფი რჩებოდა. ჩვენ გვქონდა მითითებები - რომელი სიუჟეტი დაგვეტოვებინა, რა დაგვემატებინა, სად უნდა გაგვეკეთებინა შელამაზება, სად უნდა ამოგვეღო დეტალები” - ამბობს ის.
ეს კეთდებოდა იმისთვის, რომ პუტინს შემდეგ ეჩვენებინათ “იდეალური სურათი თანამედროვე რუსეთისა, რომ ის თითქოს ძალიან კარგი პრეზიდენტია”, დასძენს სკორობუტოვი.
მისი თქმით, სახელმწიფო ტელევიზიის თანამშრომლებში პუტინისთვის გამოყენებული შიდა მეტსახელია - “მთავარი მაყურებელი”. სკორობუტოვი 2006 წელს, 26 წლის ასაკში გახდა Вести-ის მთავარი რედაქტორი.
11 წლის თავზე გათავისუფლების შემდეგ მან სახელმწიფო ცენზურის კრიტიკა დაიწყო და 2020 წელს შვეიცარიაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.
მისი განცხადებით, პუტინისთვის ცალკე საინფორმაციო პაკეტის შექმნის პრაქტიკა 2011 წლის ბალოტნაიას პროტესტების პერიოდში დაიწყო, როცა მოსკოვში ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა არჩევნების გაყალბების გასაპროტესტებლად და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით.
რუსეთში საპროტესტო აქციების ტალღა 2012-2013 წლებშიც გაგრძელდა. ეს იყო უდიდესი პროტესტები რუსეთში სსრკ-ს დაშლის შემდეგ და ხელისუფლებაში რევოლუციის შიშიც გააჩინა.
“ბალოტნაიას პროტესტებმა ძალიან შეარყია პუტინის გარემოცვა და მათ მისი რეალური მოვლენებისა და საინფორმაციო გარემოსგან იზოლირება სცადეს, აღარაფერს ვამბობ პირდაპირ კონტაქტზე გარე სამყაროსთან” - ამბობს სკორობუტოვი.
მისი თქმით, უკრაინასთან სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ პუტინის იზოლაცია კიდევ უფრო გაძლიერდა.
სკორობუტოვი განცხადებით, ფრონტიდან მიღებული ინფორმაცია განსაკუთრებით 2022 წლის აპრილიდან გახდა უფრო ცენზურირებული, როდესაც უკრაინამ შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი კრეისერი მოსკვა ჩაძირა.
“რასაც ახლა ვხედავ, უბრალოდ კოშმარია… მან ძალიან ცოტას იცის რეალურ მოვლენებზე და ძალიან ცოტა ომში მიმდინარე პროცესებზე” - ამბობს ყოფილი ჟურნალისტი
მისი თქმით, ეს შეიძლება ხსნიდეს პუტინის საჯარო პოზიციის უცვლელობას ომის მიმართ - მიუხედავად ფრონტზე ნელი წინსვლის ნიშნებისა, თვეში 35 000-ზე მეტი დანაკარგისა და უკრაინის უპილოტო იერიშებისა რუსეთის სიღრმეში, პუტინი კვლავ ამტკიცებს, რომ გამარჯვებასთან ახლოს არის.
დასავლური დაზვერვისა და დამოუკიდებელი ანალიტიკოსების თქმით, კრემლის მაღალი დონის ოფიციალური პირები ხშირად იღებენ დამახინჯებულ მონაცემებს, რომლებიც რუსეთის ტერიტორიულ წარმატებებს აზვიადებს. მაგალითად, რუსი საომარი რუკების შემქმნელი, რომელიც არმიიდან საზღვარგარეთ გაიქცა, ამბობს, რომ მას ისეთი რუკების მომზადებას ავალებდნენ, სადაც რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობისთვის რუსული ჯარის არარსებული წინსვლა იყო ნაჩვენები.