რა მიზნით იმყოფებოდა პუტინის სპეციალური წარმომადგენელი მიხაილ შვიდკოი 14 და 15 ივნისს თბილისში?
ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში, მიხაილ შვიდკოი 14 და 15 ივნისს თბილისში იმყოფებოდა. ამის შეახებ რუსული მედია წერს. TASS-ს რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, მიხაილ შვიდკოიმ განუცხადა, რომ კულტურის სფეროს შეუძლია აღადგინოს რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული ნდობის ატმოსფერო. “მე მჯერა, რომ კულტურა არის სფერო, რომელსაც შეუძლია, ეტაპობრივად, ყოველგვარი თვითნებური ქმედებების გარეშე, აღადგინოს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ნდობის ატმოსფერო. ერები ყოველთვის ერთმანეთისკენ იხრებიან; ჩვენი კავშირები ძალიან ღრმაა”, — თქვა შვიდკოიმ, რომელიც მოსკოვის მუსიკალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია და 14 და 15 ივნისს თბილისში “ცირკის პრინცესას” და “რევერსის” ჩვენებებს დაესწრო. შვიდკოის თქმით, ჩვენებები “უკიდურესად მიმზიდველია” ქართველ საზოგადოებასთან მუდმივი კონტაქტებისთვის. “ვფიქრობ, ჩვენებები ჩვენს კოლეგებში ინტერესს გამოიწვევს, რადგან ჩვენ გვსურს, რაც შეიძლება მეტად გავაცნოთ საქართველოს თანამედროვე რუსული ხელოვნება, თანამედროვე რუსული მხატვრობა, კინო და მხატვრული წარმოდგენები. ცხადია, რომ ჩვენ მხოლოდ იმას გავაკეთებთ, რაც ჩვენი ქართველი პარტნიორებისთვის კომფორტულია, მაგრამ მე მჯერა, რომ ამ ტიპის კულტურულ ღონისძიებებს თავისი მნიშვნელობა აქვს”, — თქვა მან. შვიდკოიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი ღიაა ქართველი ხელოვანებისთვის. “უნდა ითქვას, რომ რუსეთში საკმაოდ ბევრი ქართველი მუსიკალური შემსრულებელია. დიდი ქართული ჯგუფები რეგულარულად ჩამოდიან გასტროლებზე და ბევრი შესანიშნავი მუსიკოსი ცხოვრობს და მუშაობს რუსეთში”, — თქვა რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა.