პუტინმა დნესტრისპირელებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღება გაამარტივა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბრძანებულებას მოაწერა ხელი, რომლითაც თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღება მნიშვნელოვნად გამარტივდა. დოკუმენტი ოფიციალურ იურიდიული ინფორმაციის პორტალზე გამოქვეყნდა.
ბრძანებულების თანახმად, განმცხადებლებს აღარ მოეთხოვებათ: ხუთი წლის განმავლობაში რუსეთში ცხოვრება, რუსული ენის ცოდნის დამადასტურებელი გამოცდა, ისტორიისა და კანონმდებლობის ტესტი. განაცხადები მიიღება რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულოების მეშვეობით.
დნესტრისპირეთი იურიდიულად მოლდოვის ნაწილად ითვლება და გაეროს არცერთი წევრი ქვეყნის მიერ არ არის აღიარებული. ფაქტობრივად, 1992 წლის შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ, რეგიონს გააჩნია საკუთარი მმართველობა, შეიარაღებული ძალები, ვალუტა და პასპორტები. რუსეთი ოფიციალურად ცნობს მოლდოვის ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ 1 200–1 500 ჯარისკაცით დნესტრისპირეთში კვლავ ინარჩუნებს სამხედრო ყოფნას. კიშინიოვი ამ კონტინგენტს უკანონოს უწოდებს.