← მთავარი
საზოგადოება

„პუბლიკასა” და „მონიტორს” პარლამენტის აკრედიტაცია გაუუქმეს

22 მაისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
„პუბლიკასა” და „მონიტორს” პარლამენტის აკრედიტაცია გაუუქმეს

პარლამენტის აპარატის უფროსის კახა ოქროჯანაშვილის 21 მაისის ბრძანების საფუძველზე ონლაინგამოცემა „პუბლიკა” და სტუდია „მონიტორი” საპარლამენტო აკრედიტაციის გარეშე დარჩნენ.

„პუბლიკის” შემთხვევაში გაუქმების მიზეზად სახელდება ფებრუარი-მაისის (19.02.2026–15.05.2026) სესიაზე ზედიზედ 10 კვირის განმავლობაში გამოცემის ჟურნალისტების არყოფნა. „მონიტორის” შემთხვევაში — ანალოგიური ვადა ფებრუარი-აპრილში (05.02.2026–17.04.2026).

„პუბლიკის” რედაქტორი და თანადამფუძნებელი ლიკა ზაკაშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, სადაც ამ მუხლის მოხმობით ვადაზე ადრე გაუქმება მოხდა — წესი 2023 წლიდანვე მოქმედებს.

„მონიტორი” განმარტავს, რომ პარლამენტის მიერ დადგენილი რაოდენობრივი შეზღუდვის გამო გამოცემის მხოლოდ ოთხი ჟურნალისტი იყო აკრედიტებული, ხოლო დამატებითი ჟურნალისტის ერთჯერადი საშვის მოთხოვნა — 17 და 19 თებერვალს — პარლამენტმა არ დააკმაყოფილა.

ორივე გამოცემა განიხილავს გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას. „მონიტორი” კი ცალსახად ამბობს, რომ გაასაჩივრებს.

← მთავარი