← მთავარი
სამართალი

'ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის' საქმეზე 17 პირი დააკავეს

24 ივნისი, 2026 · წყარო: civil.ge
'ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის' საქმეზე 17 პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ გახსნილია საქმე, რომელიც 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას, დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ მიღებული შემოსავლების ლეგალიზაციას და უკანონო სამეწარმეო საქმიანობას შეეხება.  დაკავებულია ორგანიზებული ჯგუფის 17 წევრი, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოში რეგისტრირებული 24 იურიდიული პირის მიმართ.24 ივნისს გამართულ ბრიფინგზე საუბრისას, საგამოძიებო სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, გუგა თავბერიძემ განაცხადა, რომ დაკავების გარეშე ბრალდება წარედგინა 11 ფიზიკურ პირს, რომლებმაც „ითანამშრომლეს გამოძიებასთან და ხელი შეუწყვეს მასშტაბური დანაშაულებრივი სქემის გამოვლენას“,  ხოლო მიმალვაში მყოფი 3 პირის მიმართ გამოცხადდება ძებნა.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე (უკანონო სამეწარმეო საქმიანობა) და 194-ე (ფულის გათეთრება) მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 9-დან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს.ბრალდებულთა შორის არიან „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები“, რომლებიც, თავბერიძის თქმით, „წლების განმავლობაში, პირადი ინტერესების გამო და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, ხელს უწყობდნენ აღნიშნული დანაშაულებრივი სქემის ფუნქციონირებას და მოქმედებდნენ საჯარო ინტერესების საწინააღმდეგოდ“.გამოძიებით დადგინდა, რომ „ფართომასშტაბიანი ქსელი, რომელიც ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ გავრცელებას უწყობდა ხელს, ქვეყანაში 2018–2025 წლებში მოქმედებდა. პროცესს ორგანიზებას უწევდნენ ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტიორი კომპანიების ხელმძღვანელები“.თავბერიძემ განაცხადა, რომ დანაშაულებრივი საქმიანობის დასაფარად, „იმპორტიორი კომპანიებიდან მედიკამენტები დოკუმენტურად ფორმდებოდა ფიქტიური ფარმაცევტული კომპანიების სახელზე, რომლებიც წინასწარ იყო რეგისტრირებული მათთან დაკავშირებულ პირებზე“. რეალურად კი, აღნიშნული მედიკამენტები „ყოველგვარი რეცეპტისა და შესაბამისი ნებართვის გარეშე, მაღალი ფასნამატით იყიდებოდა  მთელი ქვეყნის მასშტაბით, ისეთ ობიექტებში, რომლებსაც აფთიაქის სტატუსიც კი არ გააჩნდათ“.გამოძიებით დადგინდა, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონო ვაჭრობის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 53 833 723 ლარი შეადგინა. თავბერიძის თქმით, უკანონო შემოსავლებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, „თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი ფორმდებოდა ხელფასისა და დივიდენდის სახით“.მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ფინანსური რესურსების გამოყენებით, „ბრალდებულებმა და მათთან დაკავშირებულმა პირებმა შეიძინეს დიდი ოდენობით უძრავი და მოძრავი ქონება. აღნიშნული აქტივები სრულად არის დაყადაღებული, საიდანაც მომავალში მოხდება ზიანის ანაზღაურება“.

← მთავარი