უწყვეტი პროტესტის მონაწილეებმა ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს ღია წერილით მიმართეს
რუსთაველის გამზირზე უწყვეტი პროტესტის მონაწილეებმა ღია წერილით ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს მიმართეს, სადაც პირობას დებენ, რომ პროტესტი გაგრძელდება მანამ, სადაც არ გათავისუფლდებიან „პოლიტპატიმრები“, არ აღდგება ქვეყნის ევროპული კურსი და არ ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.
წერილის თანახმად, რუსთაველის გამზირზე თითქმის 600-დღიანი უწყვეტი პროტესტის მიზანია, „დავიცვათ საქართველოს ევროპული მომავალი, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და საზოგადოების თავისუფალი განვითარება“.
მასში ასევე ნათქვამია, რომ საქართველო „ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით განმტკიცებული საყოველთაო არჩევანია“.
წერილის თანახმად, საქართველო იმ პროცესის „მიღმა დარჩა“, რომელმაც მას ევროკავშირში ინტეგრაციის „რეალური პერსპექტივა“ შეუქმნა, „დღეს ეს პერსპექტივა უკრაინასა და მოლდოვას აქვს, საქართველო კი ამ პროცესის მიღმა რჩება, არა იმიტომ, რომ საზოგადოებამ ასე გადაწყვიტა, არამედ „ქართული ოცნების“ ერთპარტიული, ანტიევროპული და ანტიდემოკრატიული კურსის შედეგად“, – ნათქვამია წერილში.
წერილი „ქართულ ოცნებას“ „ანტიევროპულ პროპაგანდასა“ და წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილეთა „დისკრედიტაციასა და მარგინალიზაციაში“ ადანაშაულებს და აცხადებს, რომ „რეპრესიული პოლიტიკა“ მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებას აიძულებს.
„ჩვენ ვიდგებით ბოლომდე. ვიბრძოლებთ იქამდე, სანამ არ გათავისუფლდებიან სინდისისა და პოლიტიკური პატიმრები, არ აღდგება საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ევროპული და ევროატლანტიკური კურსი და საზოგადოების ნება არ გამოიხატება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით“, – ნათქვამია ღია წერილში.