საქართველოში მოქმედი პროირანული ჯგუფები ფონიჭალასა და მარნეულში მსვლელობებს გამართავენ
საქართველოში მოქმედი პროირანული ჯგუფები მომდევნო დღეებში ფონიჭალასა და მარნეულში ყოველწლიურ მსვლელობებს აანონსებენ – წარსულში ეს რელიგიური ღონისძიებები მონაწილეების ანტიამერიკული, ანტიისრაელური და ირანის უზენაესი ლიდერის განმადიდებელი პროპაგანდისტული პლაკატების გამო ყურადღების ცენტრში მოექცა.
პირველ მსვლელობას, რომელიც 23 ივლისს გაიმართება, თბილისის ფონიჭალის “აჰლი ბეითის” მეჩეთი აანონსებს. Facebook გვერდზე გავრცელებული განცხადების მიხედვით, იმამ ჰუსეინის გლოვისადმი მიძღვნილი მსვლელობა მეჩეთის ეზოდან 10:30 საათზე დაიწყება.
ცნობისთვის, ფონიჭალის “აჰლი ბეითის” მეჩეთი დაკავშირებულია არასამთავრობო სტატუსით მოქმედ აჰლ ალ-ბაითის მსოფლიო კრებასთან, რომელიც რეალურად ირანული რეჟიმის მხარდაჭერით მოქმედებს და დასავლეთში ირანის სპეცსამსახურების საფარ ორგანიზაციად მიიჩნევა.
ფონიჭალის მეჩეთში, რომელიც ჰადსონის ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, საქართველოში მოქმედი პროირანული ქსელის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, ხშირად იმართება ანტიამერიკული და პროირანული ქადაგებები.
“სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს” – ფონიჭალის მეჩეთი მოჯთაბა ხამენეის წერილს აზიარებს
ფონიჭალელი ახუნდი: ხამენეის მოწამეობა დაილოცოს, ის ყველაზე უარესი კაცის ხელით აღესრულა
რაც შეეხება წლევანდელ “თასუას” მსვლელობას, რომელიც 24 ივლისს – მუჰარამის მეცხრე დღეს – გაიმართება, მარნეულის იმამ ალის მეჩეთი აანონსებს. გასულ წელს მარნეულში გამართული “თასუას” მსვლელობის არაერთი მონაწილე აიათოლა ალი ხამენეის პლაკატით იყო მისული, ხოლო მარშს წინ მიუძღვებოდა მანქანა, ხამენეის პორტრეტითა და წარწერით: “მისი უწმინდესობა აიათოლა ხამენეი, მსოფლიოს ჩაგრულთა ლიდერი და თავისუფლების ხმა”. ცოტა ხნის წინ ანალოგიური შინაარსის პლაკატის წინაშე რელიგიური სიმღერა უშუალოდ მარნეულის მეჩეთშიც შესრულდა.
მარნეულში მორწმუნეებმა ხამენეის პლაკატის წინაშე რელიგიური სიმღერა შეასრულეს (VIDEO) მარნეულში დაგეგმილი მსვლელობის ორგანიზატორი ამ შემთხვევაშიც თეირანთან ღიად დაკავშირებული ორგანიზაცია “აჰლ ალ-ბაითია”. მისი თავმჯდომარე, ახუნდი რასიმ მამედოვი, პარალელურად ფონიჭალის “აჰლი ბეითის” მეჩეთსაც ხელმძღვანელობს. გავრცელებული ცნობებით, მამედოვის ორგანიზაციას კავშირები აქვს ირანული რეჟიმის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთანაც (IRGC).
მარნეულის მეჩეთში ანტიისრაელური და ანტიამერიკული ქადაგება გრძელდება – ახუნდმა ოცნება შეაქო ჰადსონის კვლევის მიხედვით, რასიმ მამედოვი 2019 წლიდან მოყოლებული აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) იმ პირთა სიაშია შეყვანილი, რომლებსაც ამერიკულ რეისებზე ფრენა ეკრძალებათ, რაც ჩვეულებისამებრ ტერორიზმის რისკით არის განპირობებული.
ერთ დროს აშშ-ს მოკავშირე საქართველოში ირანის გავლენა გაიზარდა – ჰადსონის ინსტიტუტის კვლევა
აღსანიშნავია, რომ რასიმ მამედოვი, რომლის განცხადებასაც 24news ავრცელებს, ასევე მადლობას უხდის საქართველოს მთავრობას შესაბამისი პირობების შექმნისთვის, რათა მარნეულში ცერემონიები “უსაფრთხოდ და დაბრკოლებების გარეშე” გაიმართოს.