← მთავარი
საზოგადოება

ფოთის ახალ საზღვაო პორტში აშშ-ის სესხით ახალი ნავმისადგომის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა

28 ივნისი, 2026 · წყარო: civil.ge
ფოთის ახალ საზღვაო პორტში აშშ-ის სესხით ახალი ნავმისადგომის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა

ფოთის საზღვაო პორტში 25 ივნისს ახალი ნავმისადგომის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა მას შემდეგ, რაც რამდენიმე საათით ადრე აშშ-ის საელჩომ მშენებლობის დასასრულებლად ადგილობრივ კომპანია Pace Group-თან 25 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის მეორე სასესხო შეთანხმების გაფორმების შესახებ განცხადება გაავრცელა.  ახალი ნავმისადგომის მშენებლობის დაწყება „ფოთის ახალი საზღვაო პორტის“ განვითარების მეორე ფაზას უკავშირდება, რომელიც 2022 წელს მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-ის ფედერალურმა მთავრობამ პროექტი 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხით დააფინანსა.  ფოთის ახალი საზღვაო პორტის დაგეგმილ გაფართოებას ფონად გასდევს მზარდი ყურადღება შუა დერეფნის მიმართ, ასევე გაურკვევლობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისა და მასთან დაკავშირებული ჩინური ინვესტიციების თაობაზე.25 ივნისს მშენებლობის დაწყების ცერემონიამდე რამდენიმე საათით ადრე, აშშ-ის საელჩომ განაცხადა, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ (DFC) კომპანია Pace Group-თან 25 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის მეორე სასესხო შეთანხმება გააფორმა და რომ დაფინანსება ფოთის ახალი საზღვაო პორტის მეორე ნავმისადგომის მშენებლობის დასრულებას მოხმარდება.საელჩოს თქმით, ახალი ნავმისადგომი „ნაყარი ტვირთების გადამუშავების შესაძლებლობას მნიშვნელოვნად გაზრდის“. :პროექტის განხორციელების შედეგად პორტის გამტარუნარიანობა წელიწადში დამატებით ერთი მილიონი ტონით გაიზრდება, გაძლიერდება კრიტიკული ინფრასტრუქტურა და კიდევ უფრო უსაფრთხო და ეფექტიანი გახდება ვაჭრობა ტრანსკასპიური დერეფნის გასწვრივ“.მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე გამოსვლისას, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პორტის გაფართოება კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოს „რეგიონულ ლოგისტიკურ ჰაბად“ ჩამოყალიბებისთვის.„ეს პროექტი საერთო მიზნის გარშემო აერთიანებს სახელმწიფოს, ქართულ ბიზნესს და ამერიკულ ფინანსურ ინსტიტუტებს“, – განაცხადა მან. „ეს პროექტი კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ ნდობასა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ, მდგრადი განვითარების მიზნებზე ორიენტირებულ თანამშრომლობას ყოველთვის ხელშესახები შედეგები მოაქვს”.შუა დერეფნის კონტექსტში საუბრისას, კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველო აღარ არის „მხოლოდ გეოგრაფიული ხიდი – საქართველო მძლავრ ეკონომიკურ და ლოგისტიკურ ჰაბად იქცა, რომელიც დამატებით ღირებულებას ქმნის საერთაშორისო სავაჭრო ბრუნვისთვის“.ცერემონიაზე ასევე გამოვიდა სიტყვით „ქართული ოცნების“ ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი. მანაც გაუსვა ხაზი შუა დერეფნის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ ის ერთ-ერთ ყველაზე დინამიურად განვითარებად საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტად ჩამოყალიბდა და შესაბამისად, საქართველოს გავლით გადაზიდული ტვირთების მოცულობის მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია.„მეორე ფაზის დასრულების შემდეგ, ნავსადგურის გამტარუნარიანობა სამ მილიონ ტონას მიაღწევს, გაიზრდება ოპერაციების ეფექტიანობა, დაჩქარდება ტვირთების დამუშავება, რაც დადებითად აისახება საქართველოს კონკურენტუნარიანობაზე“, – განაცხადა მან.აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ალან პერსელმა განაცხადა, რომ პროექტი იმის მაჩვენებელია, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს როლს რეგიონულ დაკავშირებადობაში. მისი თქმით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აშშ მზადაა ინვესტიციები ჩადოს ისეთ მდგრად ინიციატივებში, რომლებიც გააძლიერებენ საქართველოს პოზიციას შუა დერეფანში.უფრო ფართო რეგიონულ კონტექსტში საუბრისას, პერსელმა ხაზი გაუსვა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მნიშვნელობას და დასძინა, რომ ისეთი ინიციატივები, როგორიცაა ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის (TRIPP), კიდევ უფრო გააძლიერებს რეგიონულ კავშირს.

← მთავარი