← მთავარი
სპორტი

[VIDEO. მსოფლიო თასი 2026. 1/16 ფინალი] პორტუგალია 2:1 ხორვატია. მხსნელი სკამიდან | Lelo.Ge

4 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
[VIDEO. მსოფლიო თასი 2026. 1/16 ფინალი] პორტუგალია 2:1 ხორვატია. მხსნელი სკამიდან | Lelo.Ge

მსოფლიო თასი 2026. 1/16 ფინალი

პორტუგალია 2:1 ხორვატია

03.07. ტორონტო. “BMO ფილდი”. 43 036 მაყურებელი

გოლები: 0:1 პერიშიჩი (53), 1:1 რონალდო (68-პენ), 2:1 რამუში (90+4. ლეაუს პასით)

პორტუგალია (4-2-3-1): დიოგო კოშტა 7.8 - კანსელო 7.0 (63. რამუში 7.6), რუბენ დიაში 8.6, ვეიგა 7.8, მენდეში 8.5 - ჟოაო ნევეში 6.8, ვიტინია 7.1 (62. ბერნარდო სილვა 6.4) - ნეტუ 6.2 (63. კონსეისაო 6.5), ბრუნო ფერნანდეში 6.3 (63. სემედუ 6.8), ლეაუ 6.9 - რონალდო 6.6 (81. რუბენ ნევეში)

მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

ხორვატია (4-2-3-1): ლივაკოვიჩი 6.3 - სტანიშიჩი 6.4, შუტალო 6.3, პონგრაჩიჩი 6.1, პერიშიჩი 7.2 - მოდრიჩი 6.2, კოვაჩიჩი 6.2 (90+6. კოვაჩიჩი) - ვლაშიჩი 6.1 (90+2. გვარდიოლი), პ. სუჩიჩი 6.6, ბატურინა 6.1 (68. მარიო პაშალიჩი 6.6) - ბუდიმირი 6.4 (46. მატანოვიჩი 6.4)

მწვრთნელი: ზლატკო დალიჩი

გაფრთხილება: რუბენ დიაში (17), მოდრიჩი (59), პერიშიჩი (90+8)

მატჩის საუკეთესო მოთამაშე: კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია)

არბიტრი: ე. ესკასი (ნორვეგია)

მიმდინარე მუნდიალს არ აკლია მაგარი თამაშები, მაგრამ პორტუგალიისა და ხორვატიის ჯახი ერთ-ერთი საუკეთესო იყო - ამ მატჩმა დაიტია ყველაფერი, რის გამოც ფეხბურთი გვიყვარს, რისთვისაც “ვტეხთ” ზაფხულის ღამეებს.

პორტუგალიის ნაკრებმა მოიგო საფეხბურთო თრილერი ხორვატიასთან და გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში, სადაც ესპანეთს დაუპირისპირდება.

აბა, როგორ გავასამართლოთ გამარჯვებული, მაგრამ ფეხბურთი ყოველთვის ვერ არის ლოგიკური თამაში - ხორვატია ძალიან, ძალიან შეგვეცოდა.

ბალკანელები იგებდნენ, მაგრამ ჯერ კრიშტიანო რონალდომ გაათანაბრა ზუსტად შესრულებული 11-მეტრიანის შემდეგ, მერე კი რობერტო მარტინესს სვლამ გაუმართლა - რონალდოს ნაცვლად შესულმა გონსალო რამუშმა საჰაერო ბრძოლაში ორი ხორვატი დაჯაბნა და თავურით შეაგდო გამარჯვების გოლი.

მატჩს 3 გმირი ჰყავდა: მთავარი - გადამწყვეტი გოლის ავტორი რამუში, პორტუგალიელთა დიდებულად გამრჯე მეკარე დიოგო კოშტა და ცენტრალური მცველი რენატო ვეიგა, ვინც საუკეთესო იყო შეტევაში.

დიახ, მართლა ასე იყო და ამის მერე როგორ ვთქვათ, რომ პორტუგალიამ ალალად დაიმსახურა საგზური?! ან მატჩის ენდშპილში ხორვატთა არჩათვლილი გოლი რად ღირს. იმ ეპიზოდში ბევრი რამ აეწყო პორტუგალიელთა სასარგებლოდ…

ფაქტები

მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ერთ კონკრეტულ შეხვედრაში ერთმანეთს ორი 40 წელს გადაცილებული ფეხბურთელი დაუპირისპირდა - 41 წლის და 147 დღის კრიშტიანო რონალდო და 40 წლის და 296 დღის ლუკა მოდრიჩი.

ამ მატჩში დიდი გადაკვეთები იყო: “მანჩესტერ სიტიში” თანაგუნდელები არიან პორტუგალიელები - ბერნარდო სილვა და მატეუშ ნუნიეში, ასევე ხორვატები - იოშკო გვარდიოლი და მატეო კოვაჩიჩი, “სოსიედადში” ერთად თამაშობენ გონსალო გედეში, ლუკა სუჩიჩი და დუიე ჩალეტა-ცარი, ხოლო “მილანში” - ლუკა მოდრიჩი და რაფაელ ლეაუ.

კრიშტიანო რონალდომ 26-ე მატჩი ჩაატარა მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე. ის ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზეა და 3 მატჩით ჩამორჩება ლიონელ მესის. ლუკა მოდრიჩისთვის კი ეს იყო 23-ე შეხვედრა, რითაც ის საუკეთესო ხუთეულშია პაოლო მალდინისა და მანუელ ნოიერთან ერთად.

ყატარის 2022 წლის მუნდიალზე პორტუგალიის ნაკრების ამჟამინდელი დამრიგებლის, რობერტო მარტინესის გაწვრთნილი ბელგია მას შემდეგ გამოეთიშა ტურნირს, რაც ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში ფრედ ითამაშა ხორვატიასთან (0:0). ამ შედეგმა ბელგია ჯგუფში მესამე ადგილზე გაიყვანა.

კრიშტიანო რონალდო გახდა ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, ვინც მუნდიალების პლეი-ოფში გაიტანა. ივან პერიშიჩი მესამე ადგილზეა.

← მთავარი