← მთავარი
სამართალი

სექსუალური ძალადობა, ძარცვა, ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა — პოლონეთიდან საქართველოს 15 მოქალაქე გამოაძევეს

7 ივლისი, 2026 · წყარო: on.ge
სექსუალური ძალადობა, ძარცვა, ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა — პოლონეთიდან საქართველოს 15 მოქალაქე გამოაძევეს

პოლონეთის სასაზღვრო დაცვამ, ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო Frontex-თან თანამშრომლობით, საქართველოს 15 მოქალაქე პოლონეთიდან გააძევა. პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, მათ ქვეყანა 2026 წლის 2 ივლისს ლოძის აეროპორტიდან დაატოვებინეს.

როგორც ცნობილია, საქართველოს მოქალაქეები სხვადასხვა დანაშაულებისთვის, მათ შორის სექსუალური ძალადობის, ძარცვის, ჩხუბის, ფიზიკური დაპირისპირებისა და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მანქანის მართვისთვის დააკავეს.

საქართველოს მოქალაქეებმა პოლონეთი სპეცრეისით დატოვეს და მათ თან ახლდნენ ქართველი უსაფრთხოების თანამშრომლები.

“დაბრუნების ოპერაციების ორგანიზება რთული და მრავალსაფეხურიანი პროცესია, რომელიც მოითხოვს მჭიდრო თანამშრომლობას მრავალ სამსახურსა და ინსტიტუტს შორის. ის ასევე წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ინსტრუმენტს არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ საბრძოლველად და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად”, — წერია პოლონეთის სასაზღვრო დაცვის სამსახურის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

← მთავარი