10 კითხვა პოლიციის ძალადობის შესახებ, რომელზეც სახელმწიფოს პასუხი ჯერ კიდევ ელოდება
„ტვ პირველის” მიერ „ნოდარ მელაძის შაბათის” ანონსის გავრცელების შემდეგ, ნაშუაღამევს, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ადამიანთა ჯგუფი შეიკრიბა პროტესტის ნიშნად.
ნოდარ მელაძემ 12 ივნისს 22:50 საათზე გამოაქვეყნა გადაცემის ანონსი. დაახლოებით ორ წუთიან ვიდეოში ჩანს, როგორ სცემენ პოლიციის უნიფორმაში გამოწყობილი თანამშრომლები ახალგაზრდებს. ჟურნალისტის ცნობით, ძალადობა სასურველი ჩვენების მოპოვებას ემსახურებოდა, კადრებს კი თავად პოლიციელები იღებდნენ. ვიდეოში ისმის, როგორ ეუბნება ერთ-ერთი მოქალაქე „არაფერი არ ვიცი”, რის შემდეგაც პოლიციელი თავში ურტყამს ხელს. ჩანს, როგორ ურტყამენ წიხლებს განყოფილებაში გადაყვანილ პირებს.
შსს და პროკურატურამ ადასტურებენ, რომ ეს 2022 წლის საქმეა, რომელიც 2026 წელს გამოვლინდა. 2026 წლის თებერვალში სამი პოლიციელი ბრალდებულის სახით დააკავეს. ამ განცხადებებში არაფერია ნათქვამი სხვა სავარაუდო ფაქტებზე, რაზეც „ნოდარ მელაძის შაბათიც” იუწყება.
GYLA-ს კითხვები: სავალდებულო სამხრე კამერები
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე თამარ ონიანი მიიჩნევს, რომ სისტემური ძალადობის „მხოლოდ ინდივიდუალურ გადაცდომებად შეფასება” ინსტიტუციური ანგარიშვალდებულების გარეშე საპოლიციო ძალადობის ნორმალიზების მცდელობაა. ის ეკითხება: თუ სისტემას ოთხ წელზე მეტი დასჭირდა საკუთარი თანამშრომლების მიერ ჩადენილი ძალადობის გამოვლენამდე, რატომ არ ხდება კანონმდებლობაში ცვლილება, რომლითაც სავალდებულო გახდება სამხრე კამერების გააქტიურება ყველა საპოლიციო ღონისძიებასა და პირთა დაკითხვის ოთახში?
ონიანი ასევე გვახსენებს, რომ 2024 წლის საპროტესტო მოძრაობის დროს დემონსტრანტებზე, ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებზე ძალადობის ბრალდებით ხუთი სპეცრაზმელი 2026 წლის მაისში — ანუ 1,5 წლის შემდეგ — დააკავეს.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის” 10 კითხვა
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის” დირექტორი თამთა მიქელაძე ათ კითხვას ჩამოთვლის, რომელზეც სახელმწიფოს ჯერ პასუხი არ გაუცია:
ოთხი წლის განმავლობაში სად იყო გამოძიება? რატომ განაცხადა შსს-მ და არა პროკურატურამ — სწორედ ის უწყება, რომელსაც ასეთ საქმეებში დამოუკიდებელი გამოძიება ევალება? სხვა, კიდევ უფრო მძიმე კადრებიც არსებობს — ამ შემთხვევებზე სახელმწიფომ რა (ვერ) გააკეთა? დაკავებულთა შორის არიან თუ არა ხელმძღვანელი პირები — ძნელად წარმოსადგენია, ვიდეოკონტროლის მქონე განყოფილებაში ასეთი ქმედებები ხელმძღვანელობისთვის უცნობი ყოფილიყო? რა კვალიფიკაცია მიეცა ჩადენილ ქმედებას — გამოიყენეს თუ არა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებული მუხლები? რა გაკეთდა დაზარალებულების დასაცავად და მათი უფლებების აღსადგენად? ეს პოლიციელები მინიმუმ ოთხი წელი სამსახურში დარჩნენ — გამოიძია სახელმწიფომ სხვა შესაძლო ძალადობის ფაქტებიც? და ბოლოს: რა გამორიცხავს, რომ მსგავსი პრაქტიკა დღესაც გრძელდება, 2024 წლის საპროტესტო მოძრაობის დროს გამოვლენილი მასობრივი და კოორდინირებული ძალადობის ფონზე?
ამ ამბის გახმაურებას წინ უძღოდა 2026 წლის მაისის ბოლოს გორში პოლიციელთა მიერ მოქალაქეზე ჯგუფური ძალადობის კადრების გასაჯაროება.