პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც ვაშლიჯვარში ორი ადამიანი დაჭრა
დაპირისპირების დროს ერთ-ერთმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორი ადამიანი დაჭრა.
დაპირისპირების ამსახველი ვიდეომასალა 4 ივლისს ღამით სოციალური ქსლებითაც გავრცელდა.
როგორც პოლიცია განმარტავს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„ერთი ადამიანია დაკავებული ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით. გამოძიებით დადგინდა, რომ რამდენიმე პირს შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაწყებული სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაპირისპირების დროს ერთ-ერთმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორი ადამიანი დაჭრა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”, - ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.