ახალი პატრიარქის არჩევის გამო — პოლიტიკოსებისა და საზოგადო მოღვაწეების მილოცვები
საქართველოს სხვადასხვა პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები ახალი კათოლიკოს-პატრიარქის, შიო III-ის, არჩევას ულოცავენ. 11 მაისს, 39 ხმიდან 22-ის მიღებით, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქი გახდა.
პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი” წერს: „ვულოცავთ სრულიად საქართველოს ახალი პატრიარქის არჩევას! მეუფე შიოს ეს პასუხისმგებლობა მნიშვნელოვანი ეტაპია ჩვენი ეკლესიისა და ქვეყნის ცხოვრებაში. ვუსურვებთ ძლიერებასა და დღეგრძელობას ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ.”
ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე შიო მესამეს ილია II-ის ღირსეულ მიმდევრად ასახელებს: „ვულოცავ შიო მესამეს ამ უმნიშვნელოვანეს მისიას. მჯერა, ღირსეულად გააგრძელებს საქართველოს უდიდესი პატრიარქის, ილია მეორის, გზას — მისსა, ვინც უმძიმეს პერიოდებში გააერთიანა ქვეყანა, გააძლიერა ეკლესია და მრავალი თაობისთვის გახდა სულიერი სიმტკიცის მაგალითი. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეკლესიამ კვლავ შეძლოს საზოგადოების გამთლიანება, ადამიანებს შორის ნდობისა და თანადგომის გაძლიერება.”
პარლამენტის სპიკერი შალვა პაპუაშვილი ახალ პატრიარქს ქართული ეკლესიის ისტორიის გამგრძელებლად მოიხსენიებს: „დღეს, 11 მაისს, საქართველოში ქრისტიანობის გამოცხადების 1700 წლისთავზე, ანდრია პირველწოდებულის კათედრაზე, ღვთის ნებით, ახალი პატრიარქი გამოირჩა. ღვთის წყალობა და მადლი არ მოკლებოდეს მას. ისტორია გრძელდება, ხარობს საქართველოს 2000 წლოვანი ეკლესია!”