Politico: ევროპის ცხრა ქვეყანა ევროკომისიას სასაზღვრო კონტროლის ახალი წესების შემსუბუქებას სთხოვს
ევროკომისიას თხოვნით მიმართა ევროპის ცხრა ქვეყანამ, გააგრძელოს საზღვრის გადაკვეთის - შესვლისა და გასვლის სისტემის (EES) ამოქმედების დროს შემოღებული გამარტივებული ზომების მოქმედება, იტყობინება Politico.
შესვლისა და გასვლის სისტემამ (EES) პასპორტებში ბეჭდის ჩარტყმა უნდა ჩაანაცვლოს ციფრული სისტემით, რომელიც შენგენის ზონაში მოგზაურთა შესვლისა და გასვლის თარიღებს აღნუსხავს და აგრეთვე, აგროვებს ბიომეტრიულ მონაცემებს - ფოტოპორტრეტებსა და თითის ანაბეჭდებს.
ბელგიამ, საფრანგეთმა, გერმანიამ, საბერძნეთმა, იტალიამ, მალტამ, ნიდერლანდმა, პორტუგალიამ და შვეიცარიამ შინაგან საქმეთა და მიგრაციის კომისიებს სისტემის დანერგვასთან დაკავშირებული სერიოზული სირთულეების შესახებ აცნობეს.
მათ სურთ შეინარჩუნონ სათადარიგო მექანიზმი, რომელიც სასაზღვრო დაცვის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს, დროებით შეაჩერონ ბიომეტრიული მონაცემების შეგროვება შეფერხებების ან გრძელი რიგების შემთხვევაში.
ამ მექანიზმის მოქმედების ვადა 6 სექტემბერს იწურება. ევროკომისიამ განაცხადა, რომ კანონმდებლობა უკვე ითვალისწინებს გარკვეულ მოქნილობას, მათ შორის ზაფხულის განმავლობაში ბიომეტრიული მონაცემების შეგროვების დროებით შეჩერების შესაძლებლობას.
Financial Times-ი ადრე იტყობინებოდა, რომ შესვლის წინასწარი სისტემის ETIAS-ის (ევროპაში მოგზაურობის შესახებ ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემა) ამოქმედება გადაიდო მინიმუმ 2027 წლამდე.
ეს გამოწვეულია ავიაკომპანიებისა და აეროპორტების საჩივრებით EES-ის დანერგვის გამო წარმოშობილი სირთულეების გამო.
EES - ახალი ავტომატიზებული სასაზღვრო კონტროლის სისტემაა შენგენის ზონის ქვეყნებში. მისი მიზანია პასპორტში ბეჭდების ჩარტყმის წესის ჩანაცვლება შესვლისა და გასვლის ციფრული ჩანაწერებით მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის.
მონაცემთა ბაზაში შენახული იქნება საპასპორტო მონაცემები, ფოტოები, თითის ანაბეჭდები, ასევე საზღვრის გადაკვეთის დრო და ადგილმდებარეობა. ოფიციალურად, EES ინერგება სასაზღვრო კონტროლის დაჩქარებისა და განახლების მიზნით, თუმცა სისტემა ასევე მიზნად ისახავს მიგრაციისა და კონტროლის გაძლიერებას - კერძოდ იმას, რომ ავტომატურად გამოავლინოს ის პირები, რომლებმაც გადააჭარბეს ქვეყანაში ყოფნის ნებადართულ ვადას, გამოიყენეს სხვისი დოკუმენტები ან ადრე უარი ეთქვათ შესვლაზე.
შენგენის ზონა მოიცავს 29 ევროპულ ქვეყანას, რომლებმაც ოფიციალურად გააუქმეს ყველა პასპორტი და ყველა სხვა სახის სასაზღვრო კონტროლი ერთმანეთის საზღვრებზე.
შენგენის ხელშეკრულების წევრ ქვეყანას უფლება აქვს აღადგინოს სასაზღვრო კონტროლი სხვა შენგენის წევრ სახელმწიფოსთან მოკლევადიანი პერიოდის განმავლობაში.