← მთავარი
სამართალი

გავრცელებული კადრები სისტემური ძალადობის ილუსტრაციაა, რაც რეჟიმის ხელწერად იქცა – საია

14 ივნისი, 2026 · წყარო: tabula.ge
გავრცელებული კადრები სისტემური ძალადობის ილუსტრაციაა, რაც რეჟიმის ხელწერად იქცა – საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) 2026 წლის 13 ივნისს TV პირველის გადაცემაში “ნოდარ მელაძის შაბათი” გასულ სიუჟეტს ეხმიანება, რომელშიც ჩანს პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში დაკავებული მოქალაქეებისგან ინფორმაციის მიღების მიზნით ჯგუფურად განხორციელებული წამება/დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა. 

საია წერს, რომ გავრცელებული კადრები, ავტორიტარული რეჟიმის პირობებში, სისტემური ძალადობის კიდევ ილუსტრაციას წარმოადგენს.

“გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა. ასეთი სისტემის მოქმედებებში მკაფიო ქცევის მოდელად ჩამოყალიბდა ძალადობრივი და დამამცირებელი ქმედებების ვიდეოგადაღება, რაც არაერთ შემთხვევაში თავად ძალადობის პროცესის თანმდევ ელემენტს წარმოადგენს. აღნიშნული პრაქტიკა, სავარაუდოდ, ემსახურებოდა იმ პირების დაშინებასა და შანტაჟს, რომელთა მიმართაც სხვადასხვა სახის ძალადობრივ და ღირსების შემლახავ ქმედებებს ახორციელებენ. ამასთან მიუთითებს იმაზე, რომ მოძალადე პოლიციელებს სისტემის მხრიდან შესაძლოა ჰქონდეთ დაუსჯელობის გარანტიები. 

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2024-2025 წლებში მშვიდობიანი საპროტესტო აქციების წინააღმდეგ საპოლიციო ძალადობის, წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები სისტემატური და მასშტაბური იყო. ამას ადასტურებს როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი დოკუმენტირება, ასევე საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში და საერთაშორისო მექანიზმების, მაგალითად CPT-ს ანგარიში”. - წერს საია.

შეგახსენებთ, რომ 12 ივნისს, ნოდარ მელაძემ პოლიციაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრები გამოაქვეყნა. ჟურნალისტის ინფორმაციით, წამების კადრებს პოლიციელები იღებდნენ და საერთო ჩათში აგზავნიდნენ, ხოლო პირი რომელმაც ეს ჩატი გატეხა და ფაილები გადმოწერა, დააკავეს.

მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ საქმე ეხება 2022 წლის ზაფხულში, აჭარის რეგიონში, ქობულეთში, მივლინებით მყოფი, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამ თანამშრომელს, რომლებმაც ჩაიდინეს კადრებში ასახული დანაშაული. აღნიშნული დანაშაული გამოვლინდა მიმდინარე წლის თებერვლის თვეში და 2026 წლის 23 თებერვალს საქართველოს პროკურატურის მიერ სამივე პოლიციელი დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.

ნოდარ მელაძემ პოლიციაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრები გამოაქვეყნა დანაშაული 2022 წელს ჩაიდინეს, სამივე პოლიციელი 2026-ში დააკავეს - შსს მელაძის ანონსზე

← მთავარი