← მთავარი
პოლიტიკა

პოლიციის ძალადობის კადრები წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ნიშნებს შეიცავს - მწარიაშვილი

14 ივნისი, 2026 · წყარო: newposts.ge
პოლიციის ძალადობის კადრები წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ნიშნებს შეიცავს - მწარიაშვილი

ყოფილი გენერალური პროკურორის, მაია მწარიაშვილის განცხადებით, პოლიციის მხრიდან ძალადობის ამსახველი კადრები, მათ შორის ჟურნალისტებზე და დაკავებულ მოქალაქეებზე ფიზიკური ანგარიშსწორების ეპიზოდები, სამართლებრივად წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ნიშნებს შეიცავს. მისი თქმით, სახელმწიფო ბრალდება მსგავს ფაქტებს განზრახ არ აკვალიფიცირებს შესაბამისი მუხლებით და მათ სამოხელეო დანაშაულის კატეგორიაში ტოვებს, რათა სისტემაში „მწამებელი პოლიციელებისა“ და წამების შემთხვევების არსებობა ოფიციალურად არ დაფიქსირდეს.

ყველა ის კადრი, რომელიც პირდაპირ ეთერში ვნახეთ, როდესაც პოლიციელი ჟურნალისტებზე, როგავას ეპიზოდი მაქვს მხედველობაში, და წიხლებს თავში რომ ურტყამენ იმ ახალგაზრდასთან დაკავშირებით, ყველა ასეთივე კადრი, სადაც პოლიცია ძალადობს, სამართლებრივად არის წამება, არაადამიანური მოპყრობის კვალიფიკაცია, სისასტიკის ხარისხის და იმის მიხედვით მიზანი რა აქვს, შეიძლება მოხდეს დიფერენციაცია მხოლოდ არაადამიანურ და წამების კვალიფიკაციას შორის. რატომ არ აკვალიფიცირებს სახელმწიფო ბრალდება არცერთ ამ ტიპის საპოლიციო ძალადობას, სისტემური რომაა, ეს ცხადია, მაგრამ ამ წუთას ამაზე არ ვსაუბრობთ. რატომ არ აკვალიფიცირებს იმ მუხლით, რომლითაც უნდა დააკვალიფიციროს? რატომ წამების და არაადამიანური მოპყრობით და რატომ სამოხელეო დანაშაულით? სწორედ იმიტომ, რომ ესს არის მწამებელი პოლიციელების და მოძალადე სისტემის სამართლებრივი გადარჩენის სპეცოპერაციაა, რასაც სახელმწიფო ბრალდება აკეთებს ყველა ასეთ შემთხვევაში. ანუ მათ ქმედებას არ არქმევს იმ სახელს, რაც ჰქვია, შესაბამისად, ჩვენ სისტემაში არ გვყავს მწამებელი პოლიციელები, არ გვაქვს წამების ეპიზოდები, რომ არ ვილაპარაკოთ შემდეგ წამების სიტემატიურობაზე და არცერთ საერთაშორისო მოხსენებაში არ გამოჩნდება წამების ეპიზოდები და გვეტყვიან, რომ ეს არის ერთეული ინციდენტები, - ამბობს მწარიაშვილი.

← მთავარი