"საქმე ეხება 2022 წლის ზაფხულში ჩადენილ დანაშაულს, სამივე პოლიციელი დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით" - შსს განცხადებას აქვეყნებს "ტვ პირველის" მიერ გამოქვეყნებულ კადრებზე
“ტვ პირველის” მიერ გამოქვეყნებულ კადრებთან დაკავშირებით, სადაც პოლიციის მიერ პოლიციაში ადამიანების ცემის ფაქტია ასახული პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარს აკეთებენ.
როგორც პროკურატურაში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, პოლიციელების მიერ ჩადენილი დანაშაული, რაზეც მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია საუბარი, 2022 წელს მომხდარ ფაქტს შეეხება.
“გავრცელდა “ტვ პირველის” ანონსი პოლიციაში ჩადენილი დანაშაულის შესახებ, რომელზეც დღეს მოგვმართა ნოდარ მელაძემ. მიუხედავად იმისა, რომ მას მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ დანაშაულს და დანაშაულის ჩამდენი სამივე პოლიციელი დაკავებულია, სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია მან გადაცემის ანონსში არ ჩასვა”, - აცხადებენ პროკურატურაში. ამ თემასთან დაკავშირებით, განცხადებას აქვეყნებს შინაგან საქმეთა სამინისტროც: “ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელდა გადაცემის ანონსი, რომელიც ასახავს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტს. საქმე ეხება 2022 წლის ზაფხულში, აჭარის რეგიონში, ქობულეთში, მივლინებით მყოფი, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამ თანამშრომელს, რომლებმაც ჩაიდინეს კადრებში ასახული დანაშაული. აღნიშნული დანაშაული გამოვლინდა მიმდინარე წლის თებერვლის თვეში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ, საიდანაც გადაგზავნილი მასალების საფუძველზე დაიწყო გამოძიება და 2026 წლის 23 თებერვალს საქართველოს პროკურატურის მიერ სამივე პოლიციელი დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით. ჩვენთვის ცნობილია, რომ ეს ინფორმაცია აქვთ ანონსის გამავრცელებელ ჟურნალისტებსაც, თუმცა მათ აღნიშნული ინფორმაცია გადაცემის ანონსში შეგნებულად არ ჩასვეს, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ისახავს მიზნად”, - აღნიშნულია განცხადებაში.