კვების ობიექტებში პლასტმასის კონტეინერებისა და ჭიქების აკრძალვა 2027 წლამდე გადავადდა
კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით მზა სურსათის მიწოდების აკრძალვა 2027 წლამდე გადავადდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, სასურსათო კონტეინერების აკრძალვის ახალი ვადა 2027 წლის 1 იანვარია, ხოლო ერთჯერადი ჭიქების აკრძალვის ვადად ამავე წლის 1 ივლისი განისაზღვრა.
“ტექნიკური რეგლამენტის − სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ” საქართველოს მთავრობის 2022 წლის 8 ივნისის №304 დადგენილებაში ცვლილება შევიდა.
ცვლილების თანახმად, საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი გამოყენების სასურსათო კონტეინერებისა და ჭიქების საშუალებით მზა სურსათის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება გადავადდა.
ცნობისთვის, 1 ივლისს, სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც, კვების ობიექტებში პლასტმასის ბოთლებით სასმლის მიწოდების აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, ივანიშვილის მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომ 2026 წლის 1 ივლისიდან აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმლის მიწოდება, ხოლო 2027 წლის 1 თებერვლიდან აიკრძალება პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და ბაზარზე განთავსება. დადგენილებით გათვალისწინებულია გამონაკლისებიც. კერძოდ, აკრძალვა არ გავრცელდება 3 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელ წყალზე, ასევე 20 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელებზე (არაალკოჰოლური და ალკოჰოლური, გამაგრილებელი და სხვა).
გამონაკლისი ასევე ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სამხედრო მოსამსახურეების. გარდა ამისა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, რომ ოცნება ერთჯერადი და მრავალჯერადი პარკების შეზღუდვასაც აპირებს.
კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას დამფუძნებელმა, თემურ ჭყონიამ 13 მარტს BMG-ისთვის მიცემულ ინტერვიუში პლასტიკის ბოთლებში სასმლის გაყიდვის აკრძალვაზე ისაუბრა და თქვა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სასმელების ინდუსტრიას “25 წლით უკან დასწევს”. ჭყონიას თქმით, ეს საკითხი არცერთ ბიზნესმენთან შეთანხმებული არ ყოფილა და შეხვედრა არ გამართულა.