კვების ობიექტებში პლასტმასის ბოთლებით სასმლის მიწოდების აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში პლასტმასის ბოთლებით სასმელების მიწოდების აკრძალვის ამოქმედება 2031 წლის 1 თებერვლამდე გადავადდა - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
“სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი, პლასტმასისგან დამზადებული გარკვეული პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების აკრძალვის შესახებ”, საქართველოს მთავრობის 2026 წლის 12 მარტის №106 დადგენილებაში ცვლილება შევიდა.
ცვლილების თანახმად, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში პლასტმასის ბოთლებით მომხმარებლისთვის სასმელების მიწოდების აკრძალვის ამოქმედების ვადამ ოთხი წლით გადაიწია. ახალ ვადად 2031 წლის 1 თებერვალი განისაზღვრა.
2026 წლის 12 მარტის №106 დადგენილებით, შეზღუდვა 2026 წლის 1 ივლისიდან უნდა ამოქმედებულიყო. გადავადების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კერძო სექტორთან, ბიზნესასოციაციებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან დამატებითი კონსულტაციის საფუძველზე” - ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, რეგულაციის 4 წლით გადავადების შესახებ განცხადება ირაკლი კობახიძემ 8 აპრილს გააკეთა. მისი თქმით, გადაწყვეტილება ბიზნესსექტორთან კონსულტაციების შემდეგ მიიღეს.
შეიძლება გადავავადოთ, შეიძლება შევცვალოთ - კობახიძე პლასტმასის აკრძალვაზე
გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, ივანიშვილის მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომ 2026 წლის 1 ივლისიდან აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიწოდება, ხოლო 2027 წლის 1 თებერვლიდან აიკრძალება პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და ბაზარზე განთავსება. დადგენილებით გათვალისწინებულია გამონაკლისებიც. კერძოდ, აკრძალვა არ გავრცელდება 3 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელ წყალზე, ასევე 20 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელებზე (არაალკოჰოლური და ალკოჰოლური, გამაგრილებელი და სხვა).
შესაძლოა, სასმელების, მათ შორის, წყლის პლასტმასის ბოთლებით გაყიდვა აიკრძალოს
გამონაკლისი ასევე ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სამხედრო მოსამსახურეების. გარდა ამისა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, რომ ოცნება ერთჯერადი და მრავალჯერადი პარკების შეზღუდვასაც აპირებს.
კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას დამფუძნებელმა, თემურ ჭყონიამ 13 მარტს BMG-ისთვის მიცემულ ინტერვიუში პლასტიკის ბოთლებში სასმლის გაყიდვის აკრძალვაზე ისაუბრა და თქვა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სასმელების ინდუსტრიას “25 წლით უკან დასწევს”. ჭყონიას თქმით, ეს საკითხი არცერთ ბიზნესმენთან შეთანხმებული არ ყოფილა და შეხვედრა არ გამართულა.”
სხვა მიმართულების განვითარების სივრცე ჩნდება – სონღულაშვილი პლასტიკის ბოთლების აკრძალვაზე
პაპაშვილი პლასტმასის ბოთლების აკრძალვაზე: რა თქმა უნდა, ფასი მოიმატებს