ჯანელიძე: ალექსი პეტრიაშვილი ტროტუარზე დგომისთვის დააკავეს — „ქართული ოცნება” შიშს სისტემატურად ნერგავს
ევროინტეგრაციის საქმეებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი 14 მაისს სამდღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში მოათავსეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას 2025 წლის 17 დეკემბრის საპროტესტო აქციაზე ტროტუარზე დგომას ედავება.
ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ (პაპუნა) ჯანელიძე ამ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება: „ტროტუარზე დგომისთვის ადამიანებს აკავებენ, სტუდენტებს — იმავე მიზეზით. საზოგადოება დუმილით ხვდება ამ ფაქტებს. ეს შიშთან შეგუებაა. „ქართული ოცნება” სწრაფი ნაბიჯით, მეთოდურად ნერგავს შიშს.”
ჯანელიძის თქმით, „ეს აღარ არის გემოვნების საკითხი — ვინ მოგწონს პოლიტიკოსებიდან.” ყველა, ვინც ამ შიშს არ ეგუება, გაერთიანება სჭირდება.
პეტრიაშვილი 2012-2014 წლებში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი იყო, ჯანელიძე კი — 2015-2018 წლებში საგარეო საქმეთა მინისტრი.