← მთავარი
სპორტი

თავისუფალი ჭიდაობა. ევროპის ჩემპიონტი. U20] პეტრიაშვილი ტიტულს იცავს... | Lelo.Ge

11 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
თავისუფალი ჭიდაობა. ევროპის ჩემპიონტი. U20] პეტრიაშვილი ტიტულს იცავს... | Lelo.Ge

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები წარმატებით ჩაება ჩრდილო მაკედონიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატში. 10 ივლისს ჩემპიონატში “პირველი ხუთეული” ჩაება და ბელდუხ გავაშელიშვილის 4 შეგირდი აგრძელებს მედლისთვის ბრძოლას. ამათგან ერთი ფინალშია გასული, 3 კი ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსს ინარჩუნებს. თან, აღსანიშნავია 2 მომენტი: ამ კვარტეტიდან 3 ნახევარფინალში გავიდა და ამ ოთხეულიდან 3 გორელია. ფინალშიც გორელი გავიდა - ჩვენი გუნდის ლიდერი და ამ ასაკში ევროპის მოქმედი ჩემპიონი, 20 და 23-წლამდელებში მსოფლიოსა და ევროპის ბრინჯაოსმედალოსანი, 18 წლის კონსტანტინე პეტრიაშვილი (97). ბრინჯაოსთვის მებრძოლი ტრიოდან ორი, გორელები - გიორგი წურიაშვილი (57) და ზურაბ აბალაკი (70) ხვალ ფინალურ ბლოკში პირდაპირ ბრინჯაოსთვს იჭიდავებენ, რადგან დღეს ნახევარფინალამდე მივიდნენ, ხოლო რუსთაველი თენგიზ ბარბაქაძე (79) დამამშვიდებელი წრიდან ეცდება მედლამდე მისვლას. მოლოდინისამებრ, პეტრიაშვილმა დამაჯერებლად, ერთ ამოსუნთქვით გაიარა გზა ფინალამდე. საკვალიფიკაციოში წმინდად, 10:0 დაამარცხა ბელარუსი ალიაკსეი ხადუნოვი, 9:2 მოუგო უკრაინელ როსტისლავ კურილიაკს, ხოლო ნახევარფინალში 8:3 სძლია რუს შამილ ტამბიევს. ფინალში პეტრიაშვილი ტიტულის დასაცავად ფრანგთა ნატურალიზებულ ჩეჩენ აშაბ დადაევს შეხვდება. ეს შარშანდელი ფინალის გამეორებაა - პეტრიაშვილმა შარშან სწორედ მასთან ბრძოლაში მოიპოვა ჩემპიონობა,10:0 მოუგო. შარშანვე ისინი 20-წლამდელთა მსოფლიოზეც შეხვდნენ ერთმანეთს და კოტემ მაშინაც იმარჯვა - 3:2. ეს ყველაფერი გვაიმედებს, რომ პეტრიაშვილი შეძლებს ტიტულის შენარჩუნებას. წურიაშვილმა პირველ პაექრობაში 3:0 აჯობა ბულგარელ ნიკ იგნატოვ დუჩინოვს, მეოთხედფინალში კი 3:6 აგებდა ბელარუს მატვეი სიტსევიჩთან, მაგრამ ბეჭებზე დადო და წმინდად მოიგო. სამაგიეროდ, ნახევარფინალში ვეღარ გადარჩა ჭაბუკებში თურქთა მსოფლიოსა და ევროპის მესამე პრიზიორ ებუბეკირ გურთან - 0:11 წააგო. ხვალ ჩვენი დებიუტანტის მეტოქე ბრინჯაოსთვის პაექრობაში ჭაბუკებში სომეხთა ევროპის ფინალისტსა და მსოფლიოს ბრინჯაოს მედალოსან საშა პეტროსიანსა და უნგრელ კაროლი ბარატს შორის მოგებული იქნება. პეტრიაშვილთან ერთად, 20 წლის აბალაკიც შარშანდელი შემადგენლობის წევრია. ისიც მერვედფინალიდან ჩაერთო ტურნირში, სადაც წმინდად იმარჯვა - 10:0 გერმანელ იასონ კაილთან. სომეხ დავით დავთიანს 5:2 აჯობა და ნახევარფინალში გავიდა. აქ მან ძალზე დაძაბულ ბრძოლაში ფრედ, 8:8 დაასრულა პაექრობა ფრანგთა კიდევ ერთ ნატურალიზებულ ჩეჩენთან, 17 წლის ბაისანგურ ბიტმურზაევთან, მაგრამ ქულის უპირატესობა მეტოქეს ჰქონდა და ფინალშიც ის გავიდა. ხვალ ფინალურ ბლოკში აბალაკიც პირდაპირ ბრინჯაოსთვის იჭიდავებს, სადაც მოლდოველ იონუტ ტრიბოლსა და რუმინელ დავიდ სტეფან ბოკეას წყვილიდან გასულს შეხვდება. 19 წლის ბარბაქაძემ პირველივე პაექრობა 8:11 წააგო სომეხთა მომავალ ფინალისტ არენ ჰაირაპეტიანთან. ხვალ დამამშვიდებელში ის უნგრელ მოზეს ადამ ლასლოს შეხვდება და თუ მოუგებს, ბრინჯაოსთვის ბრძოლის უფლებასაც მოიპოვებს აზერბაიჯანელ ბაშირ ვერდიევთან. დღეს ჩვენი გუნდიდან მედლის მოპოვების შანსი მხოლოდ გორელმა იაკობ ქობულაშვილმა (79) დაკარგა. სკოპიეში მან მხოლოდ გერმანელ ალექს შმიტს აჯობა - 10:6, შემდეგ კი 4:9 წააგო თურქ იასინ უზუნთან. 11 ივლისს “მეორე ხუთეული” იჭიდავებს. 61-ში საკვალიფიკაციოში სულ 3 წყვილია და ერთ მათგანში ნინოწმინდელი რუბენ თანგამიანია - თურქ ნურეტინ ემილ კაპალს ხვდება. ძირითად ბადეში გასულს იქ მასპინძელი სუფიან სინანი ელოდება. საკვალიფიკაციოშია გორელი ლუკა ტატიაშვილიც (74), სადაც ასევე 3 დუეტია და მაინცდამაინც ამ უმცირესობაში მოხვდით, რაც დამატებით პაექრობას ნიშნავს. ტატიაშვილი იქ უნგრელ მატე ბენგედუშ ვარგას ხვდება, მოგებულს კი მერვედფინალში ბერძენი ვასილეიოს კესიდისი ელოდება. 86 კილოგრამში ტურნირი მერვედფინალიდან იწყება, ჩვენგან კი გორელი დაჩი პაპინაშვილი იჭიდავებს - პეტრიაშვილის მსგავსად, ისიც ევროპის შარშანდელი ჩემპიონია და სკოპიეში ტიტულის დასაცავადაა ჩასული. ტიტულის დაცვას კი აზერბაიჯანელ მაჰამად აბასზადასთან პაექრობით დაიწყებს, ხოლო მოგების შემთხვევაში გერმანელ ემილ ულამეკისა და თურქ სეფა ჯესურის წყვილიდან გასულს შეხვდება. შეგახსენებთ, რომ პაპინაშვილმა შარშანდელ ფინალში თურქი მეტოქე დაამარცხა, ოღონდ - სხვა, აჰმეტ იაგანი. კასპელი სანდრო ყურაშვილიც (92) საკმაოდ გამოცდილია - ჭაბუკებში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია, თუმცა ახალგაზრდებში ადაპტაცია გაუჭიანურდა. ყოველ შემთხვევაში, ტალანტად მიჩნეულს და უდაოდ დიდი მონაცემების პატრონს აქ ჯერ მედალი არ მოუპოვებია. ყურაშვილიც საკვალიფიკაციოშია, სადაც ბერძენ ათანასიოს ავრამიდისს შეხვდება, მოგებულს კი ძირითად ბადეში პოლონელი ფილიპ ნოვაკოვსკი ელოდება. ყურაშვილი მასაც თუ მოუგებს, მეოთხედფინალში გავა, სადაც ძლიერი მეტოქე ეყოლება - ევროპის რუსთა მოქმედი ჩემპიონი არტურ ტოგოევი ან უნგრელთა ნატურალიზებული ლეგიონერი იუსეფ სოლიმანი. თბილისელი მძიმეწონოსანი, ევროპის შარშანდელი ბრინჯაოს პრიზიორი ალექსანდრე აბრამიშვილიც საკვალიფიკაციოდან აიღებს სტარტს, სადაც ნატურალიზებულ გერმანელ აჰმეტ იგიტ სეკმენს შეხვდება, მოგებული კი პირდაპირ მეოთხედფინალში გავა, სადაც ერთადერთი განთესილი, მასპინძელი მედი ბისლიმი ელოდება. აბრამიშვილს ნახევარფინალის სავარაუდო მეტოქეთა შორის რუსი მეტოქეც ჰყავს, თუმცა მათგან ამჯერად სოსლან გაბუევი ჭიდაობს და არა - ინალ გაგლოევი, ვისთანაც შარშანდელ ევროპირველობაზე ნახევარფინალში დამარცხდა.

← მთავარი