მეცნიერებმა ადამიანების სიარულში უჩვეულო კანონზომიერება გამოავლინეს — კვლევა
ოდესმე თუ დაფიქრებულხართ, სეირნობისას (დანიშნულების წერტილის გარეშე სიარულისას) უფრო ხშირად რომელი მიმართულებით უხვევთ? მარჯვნივ თუ მარცხნივ? ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა მეცნიერთა საერთაშორისო გუნდმა სცადა. პირველად ეს საკითხი COVID-ის შემდეგ წამოიჭრა. მაშინ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ შეიძლება სეირნობისას ადამიანები შემთხვევით სულაც არ ვირჩევდეთ მოძრაობის მიმართულებას. ახალი ნაშრომის ავტორები კონკრეტულად შეხვევის მიმართულებას დააკვირდნენ. კვლევის ფარგლებში ასაკობრივი, კულტურული და სივრცითი ფაქტორები გაითვალისწინეს. აღმოჩნდა, რომ ადამიანების მნიშვნელოვნად დიდ ნაწილს საათის ისრის მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით (მარცხნივ) ურჩევნია შეხვევა. მეცნიერებმა გადაწყვიტეს, ახალი ნაშრომის ფარგლებში სხვა პოტენციური ფაქტორები გამოერიცხათ, რომლებიც შეიძლება ამ უპირატესობაზე ახდენდეს გავლენას. მაგალითად, ჩაკეტილ სივრცეში სხვა ადამიანების მოძრაობა. ექსპერიმენტები ესპანეთსა და იაპონიაში ჩაატარეს (ამ ქვეყნებში სრულიად განსხვავებული სოციალური და კულტურული ნორმებია). ამასთან, როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეებშიც. გარდა ამისა, ცდისპირები სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფიდან იყვნენ. ერთ-ერთ ექსპერიმენტში 209 ადამიანს სთხოვეს, ექვსკუთხა ფორმის შემოღობილ სივრცეში მარტო გაესეირნათ. ამ სივრცეში სხვა ადამიანები არ ყოფილან, ამიტომ ცდისპირის მოძრაობაზე სხვების გადაადგილებას ვერ ექნებოდა გავლენა. ცდისპირების სტატისტიკურად მნიშვნელოვანმა ნაწილმა მარცხენა მიმართულებას მიანიჭა უპირატესობა, განურჩევლად ცდისპირის დომინანტი ხელის ან სქესისა. მცირედი ვარიაცია ასაკმა გამოიწვია. ახალგაზრდებმა მარცხენა მიმართულებისადმი საგრძნობლად გამოკვეთილი უპირატესობა აჩვენეს. ისიც აღსანიშნავია, რომ ყველა ცდისპირი 40 წლამდე ასაკის იყო. ამ კანონზომიერების გამომწვევი მიზეზები უცნობია, თუმცა სამომავლოდ დამატებითი კვლევების ჩატარება იგეგმება. ეს მიგნება შეიძლება შენობების დიზაინსა და უფრო ეფექტიანი საევაკუაციო სისტემების შექმნაში გამოიყენონ. გარდა ამისა, ახალ აღმოჩენას სპორტის გარკვეულ სახეობებზეც შეიძლება ჰქონდეს გავლენა, მაგალითად, სირბილსა და რბოლაზე. მეცნიერებს სურთ, სამომავლოდ მსგავსი ექსპერიმენტი უფრო ასაკიან ადამიანებზე და სხვა ცხოველებზეც ჩაატარონ. ნაშრომი გამოცემაში Nature Communications გამოქვეყნდა.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.