მთავრობა 70 წლამდე ასაკის პირთა პენსიას ზრდის და დევნილებს საცხოვრებლის სანაცვლოდ კომპენსაციას სთავაზობს
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 12 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 1 იანვრიდან 70 წლამდე ასაკის პირთა პენსია 45 ლარით, 415 ლარამდე გაიზრდება. მანამდე, მთავრობა მხოლოდ 20 ლარით გეგმავდა ამ კატეგორიის პირთა პენსიების მატებას. კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ დევნილებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ საცხოვრებლის სანაცვლოდ სახელმწიფოსგან ნებაყოფლობით 10 000 ლარის კომპენსაცია მიიღონ ოჯახის თითოეულ წევრზე.
„როგორც მოგეხსენებათ, მოქმედებს ინდექსაციის წესი, მათ შორის, 70 წლის ასაკის მიუღწეველ პენსიონერებზეც. ამ ინდექსაციის წესის მიხედვით, გათვალისწინებული იყო 20 ლარით პენსიის ზრდა, რაც ჩამორჩება ჩვენს ეკონომიკურ ზრდას. ნომინალური ეკონომიკა 10%-ზე მეტით გაიზრდება წლის ბოლომდე და ეს ეკონომიკური ზრდა გვაძლევს ჩვენ ინდექსაციის მიღმაც პენსიების გაზრდის შესაძლებლობას. სწორედ ამით ვისარგებლეთ ამ გადაწყვეტილების მიღების დროს. ვნახეთ იმის რესურსი, რომ დამატებით პლუს 25 ლარით, ანუ ჯამში 45 ლარით გაგვეზარდა პენსია 70 წელს მიუღწეველი პენსიონერებისათვის“, – განაცხადა კობახიძემ.
ოქტომბრის დასაწყისში პარლამენტში დარეგისტრირებული 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი 70 წლამდე ასაკის პირთა პენსიის 390 ლარამდე ზრდას ითვალისწინებდა, ხოლო 70 და მეტი ასაკის პირებისთვის პენსია 60 ლარით, 555 ლარამდე უნდა გაზრდილიყო. მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები 70 და მეტი ასაკის პენსიონერები 665 ლარს მიიღებენ. დღეს გაჟღერებული ცვლილებები მხოლოდ პირველ ჯგუფს შეეხება.
კობახიძის თქმით, აღნიშნული ზრდა პენსიებზე სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებს 128 მილიონი ლარით გაზრდის. მან განაცხადა, რომ სოციალური ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის 33%-ზე მეტს შეადგენს და დასძინა, რომ 2026 წელს ასაკობრივი პენსიებისთვის 5 მილიარდ ლარზე მეტი, ხოლო დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსებისთვის 540 მილიონი ლარი გამოიყო.
შედარებისთვის, 2012 წელს პენსიებისთვის მხოლოდ 1 მილიარდ 65 მილიონი ლარი გამოიყო, აღნიშნა მან.
კობახიძემ ასევე დააანონსა ახალი პროგრამა, რომელიც შესაბამის კრიტერიუმებში მყოფ იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებს საშუალებას მისცემს, სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული საცხოვრებლის ნაცვლად, ფულადი კომპენსაცია აირჩიონ. სქემის თანახმად, ოჯახის თითოეულ წევრს 10 000 ლარის ოდენობის კომპენსაცია ეკუთვნის, იმ პირობით, თუ ოჯახს მანამდე არ მიუღია საცხოვრებელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია.
მან ხაზი გაუსვა, რომ პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითი იქნება და აღნიშნა, რომ წელს ამ მიზნით 58 მილიონი ლარი გამოიყოფა, ხოლო დაფინანსება მომდევნო წლებში გაიზრდება. მისი თქმით, ახალი სქემა, მთავრობის არსებულ საბინაო პროგრამებთან ერთად, იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების პროცესის დაჩქარებას ისახავს მიზნად.
2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ასევე ითვალისწინებს საჯარო სექტორში დასაქმებულთა, მათ შორის მაღალი რანგის თანამდებობის პირთა და მოსამართლეთა ხელფასების ზრდას.
„რადიო თავისუფლების“ ქართული სამსახურის გათვლებით, პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ყოველთვიური ხელფასები 17 350 ლარამდე გაიზრდება, რაც 1 350 ლარით მეტია მათ ამჟამინდელ (16 000 ლარი) ანაზღაურებაზე.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეების ხელფასები 15 615 ლარამდე (ზრდა — 1 215 ლარი) გაიზრდება, ხოლო მინისტრები და საპარლამენტო ფრაქციების თავმჯდომარეები 14 748 ლარს (ზრდა — 1 148 ლარი) მიიღებენ. პარლამენტის წევრების ხელფასები 13 880 ლარამდე (ზრდა — 1 080 ლარი) გაიზრდება.
ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ასევე იზრდება საჯარო სექტორში დასაქმებულთა საბაზისო ხელფასი 1 735 ლარამდე. 2026 წელს ის 1 600 ლარს შეადგენდა.