← მთავარი
მსოფლიო

“ინფორმაციული ვაკუუმი და წაშლილი კადრები“ - პეკინის ყველაზე მაღალ ცათამბჯენს თვითმფრინავი შეეჯახა: რას მალავს ჩინეთის ხელისუფლება?

1 ივლისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
“ინფორმაციული ვაკუუმი და წაშლილი კადრები“ - პეკინის ყველაზე მაღალ ცათამბჯენს თვითმფრინავი შეეჯახა: რას მალავს ჩინეთის ხელისუფლება?

უკვე ოთხი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც მცირე ზომის თვითმფრინავი პეკინის ყველაზე მაღალ ცათამბჯენს, 109-სართულიან CITIC Tower-ს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად პილოტი, რომელიც ბორტზე მყოფი ერთადერთი პირი იყო, დაიღუპა, 13 ადამიანი კი დაშავდა.

მიუხედავად მომხდარის მასშტაბისა, დღემდე გაურკვეველია, რატომ და როგორ მოხდა ეს კატასტროფა.

ინციდენტის შესახებ ერთადერთი ოფიციალური განცხადება სახელმწიფო გამოცემა Beijing Daily-ში გამოქვეყნებული 60-სიტყვიანი მოკლე ანგარიშია. ჩინურმა ინტერნეტ-სივრცემ მომხდარის ამსახველი დრამატული კადრები სრულად “გაასუფთავა“. მეტიც, სოციალური ქსელებიდან შლიან ამ შენობის იმ ფოტოებსაც კი, რომლებიც პარასკევის შემთხვევასთან საერთოდ არ არის კავშირში.

ექსპერტების აზრით, ცენზურა ასე სწრაფად და საფუძვლიანად იმიტომ ამოქმედდა, რომ ჩინეთის ხელმძღვანელობამ თავადაც არ იცის ზუსტად, რა მოხდა. ეს შემთხვევა სერიოზულ დარტყმას აყენებს ხელისუფლების რეპუტაციას და ეჭვქვეშ აყენებს მის კომპეტენციას.

სასიკვდილო საფრთხე კომუნისტური პარტიის შტაბბინისთვის

ავარიის ადგილი სულ რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული ჯონგნანჰაიდან — კომპლექსიდან, სადაც ჩინეთის კომუნისტური პარტიის შტაბბინა და ქვეყნის ლიდერების რეზიდენციები მდებარეობს.

პეკინის ცენტრში მოქმედებს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი საჰაერო კონტროლი და დაახლოებით 100 კვადრატული კილომეტრის ფართობის მუდმივი “არასაფრენი ზონა“. ანალიტიკოს ბილ ბიშოპის თქმით, ეს არის უსაფრთხოების სისტემის “უზარმაზარი რღვევა“.

“კიდევ რამდენიმე წამი და თვითმფრინავი შესაძლოა პირდაპირ ჯონგნანჰაის დასცემოდა… ეს პეკინის უსაფრთხოების სისტემისთვის ნამდვილი მიწისძვრა იქნებოდა“, - ამბობს ის.

ვერსიები: ტექნიკური გაუმართაობა თუ განზრახული ქმედება?

თვითმფრინავი, რომელიც ცათამბჯენს შეეჯახა, ჩინური წარმოების ორადგილიანი Aurora SA60L-ია, რომელიც ძირითადად რეკრეაციული ფრენებისა და აეროფოტოგადაღებისთვის გამოიყენება.

ექსპერტები რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ: პილოტის შეცდომა, მექანიკური დაზიანება ან “პოტენციურად განზრახული ქმედება“. რეიმონდ კუო, ჩიკაგოს გლობალურ საქმეთა საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი, აღნიშნავს, რომ ის ფაქტი, რომ მცირე ზომის თვითმფრინავმა შეძლო ქალაქის დიდი ნაწილის გადაკვეთა და ჯონგნანჰაისთან ასე მიახლოება, პოლიტიკურად ძალიან სამარცხვინოა.

მომხდარმა ბევრს 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტები გაახსენა, როდესაც თვითმფრინავები ნიუ-იორკის ცათამბჯენებს დაეჯახა. თუმცა, მეცნიერები უფრო სხვა პარალელს ავლებენ - 1987 წელს, ცივი ომის მიწურულს, როდესაც გერმანელმა მოყვარულმა პილოტმა, მათეას რუსტმა, თავისი თვითმფრინავი მოსკოვის წითელ მოედანზე დასვა. მაშინ ამ ფაქტმა საბჭოთა საჰაერო თავდაცვის სისტემის სერიოზული ხარვეზები გამოაჩინა და მაღალჩინოსნების გადადგომა გამოიწვია. ვარაუდობენ, რომ მსგავსი საკადრო ცვლილებები პეკინის კატასტროფის შემდეგაც მოხდება.

ამ დროისთვის პეკინში მცირე ავიაციის ფრენები შეჩერებულია, კომპანიებს კი მომხდარზე საუბარი კატეგორიულად აუკრძალეს.

წყარო

← მთავარი