11 მაისს საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქი აირჩევა — სინოდმა სამი კანდიდატი დაასახელა
11 მაისს, 13:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძარში გაიხსნება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, რომელიც ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევით დასრულდება. ამ ისტორიული სხდომის მომლოდინე ეკლესია 10 მაისს სამზადისს შეუდგა.
წმინდა სინოდმა კათოლიკოს-პატრიარქობის სამი კანდიდატი უკვე გამოარჩია. ესენია: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).
სინოდის სხდომაზე, რომელიც 28 აპრილს გაიმართა, მიტროპოლიტ შიომ 20 ხმა მიიღო, დანარჩენმა ორმა კანდიდატმა — 7-7. კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება მხოლოდ მღვდელმთავრებს აქვთ. კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულად ჩაითვლება ის, ვინც ხმათა ნახევარზე მეტს მიიღებს. თუ პირველ ტურში გამარჯვებული არ გამოვლინდა, ჩაინიშნება მეორე ტური — ორ წამყვან კანდიდატს შორის.
10 მაისს სამების ტაძარში საკვირაო ლოცვის დასრულების შემდეგ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტ შიომ კრებელ მრევლს 11 მაისის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ვევედრათ ჩვენ უფალს, რომ მოგვცეს ეს მადლი, ეს ცოცხალი წყალი, რომ შეგვაძლებინოს, მივიღოთ გადაწყვეტილება ბრძნული, გონიერი. ღვთის ნებით ჩვენი ეკლესიისთვის და ჩვენი ერისთვის სასარგებლო. ისევე, როგორც 49 წლის წინ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გამოარჩევით მრავალი სიკეთე მოხდა ჩვენ ეკლესიასა და ერში, ხვალინდელი დღეც ყოფილიყოს ამ გზის გაგრძელების საწინდარი”, — განაცხადა შიო მუჯირმა.
ახალი პატრიარქის არჩევის წესი განისაზღვრება 1995 წელს სვეტიცხოვლის ტაძარში მიღებული ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით.