← მთავარი
მსოფლიო

ფაშინიანი: „სომხეთი ყარაბაღის კონფლიქტის ხაფანგიდან გამოვიყვანე”

3 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge
ფაშინიანი: „სომხეთი ყარაბაღის კონფლიქტის ხაფანგიდან გამოვიყვანე”

სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა წინასაარჩევნო კამპანიაში განაცხადა, რომ სომხეთის „მუდმივი კონფლიქტის ხაფანგიდან” გამოყვანა მისი „უდიდესი სამსახურია სომხეთის სარგებლობისათვის”. 3 ივნისს, პიკაპის ძარადან, ამომრჩეველთა შეხვედრაზე მან ყარაბაღის საკითხზე გადადგმული ნაბიჯების დაცვას განაგრძო.

„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მოხდა, ის არის, რომ სომხეთის რესპუბლიკა გამოვიდა მუდმივი კონფლიქტის ხაფანგიდან,” — განაცხადა ფაშინიანმა.

პრემიერმა შეახსენა, რომ ოდესღაც ის თვითონ ამბობდა „არცახი სომხეთია, წერტილი” — მაგრამ, მისი თქმით, შემდეგ გაიაზრა, რომ ეს გზა შეცდომა იყო. „მე ვიყავი ერთგული იმ იდეისა, რომელსაც 30 წელი ვიკვებებოდი. მაგრამ ვიარე ამ გზაზე და სრული პატიოსნებით ვთქვი: ჩვენ არ გვაქვს უფლება, ეს სისხლიანი ჭრილობა მომავალ თაობებს გადავცეთ. მშვიდობა უნდა გადავცეთ ჩვენს შვილებს,” — თქვა მან.

ფაშინიანის განცხადებით, ყარაბაღის მოძრაობის გაგრძელება მხოლოდ ახალ მსხვერპლს, ახალ ომებს და, საბოლოო ჯამში, სომხური სახელმწიფოებრიობის დაკარგვას გამოიწვევდა.

„უკვე ორი წელია, ჩვენს საზღვრებზე მსხვერპლი და დაჭრილი არ არის. ეს ჩვენი დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის პატივისცემის უდიდესი გამოვლინებაა,” — განაცხადა პრემიერმინისტრმა.

ფაშინიანი ახლა მმართველი „სამოქალაქო ხელშეკრულების” პარტიის საპარლამენტო სიას უძღვება. სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ამ წელს გაიმართება.

← მთავარი