სადავო პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ორი ახალი წევრი დაამტკიცა
საქართველოს სადავო პარლამენტმა 23 ივნისს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ორი წევრი – გია მურღულია და დავით ქართველიშვილი დაამტკიცა. ოპოზიციისთვის განკუთვნილი ერთი ადგილი ვაკანტური დარჩა, ვინაიდან ოპოზიციის ვერცერთმა კანდიდატმა ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ დააგროვა.მოქმედი წევრი გია მურღულია, რომელიც ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა, მეორე ვადით აირჩიეს, ხოლო „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი მისი პარტიის მიერ წარდგენის შემდეგ აირჩიეს.71 წლის მურღულია ფილოლოგია, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებს. რაც შეეხება ქართველიშვილს, იგი „ხალხის ძალას“ 2022 წლის ოქტომბერში შეუერთდა.ფრაქციის „საქართველოსთვის“ მიერ წარდგენილი სამი კანდიდატიდან ვერცერთმა – თეონა გეგელიამ, ელისო გაბადაძემ და თეიმურაზ კეკელიძემ – ვერ მიიღო საჭირო 76 ხმა.სადავო პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ფრაქციას „საქართველოსთვის“ 1 ივლისიდან პირდაპირ ერთი კანდიდატის დასახელების შესაძლებლობა ექნება, რომელსაც პარლამენტი უყრის კენჭს.საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო თერთმეტი წევრისგან შედგება: სამი წარდგენილია საპარლამენტო უმრავლესობის მიერ, სამი – ოპოზიციის მიერ, ორი – სახალხო დამცველისა და სამი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ.მედიის უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ „მედიაჩეკერმა“ განაცხადა, რომ პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებებით, 1 ივლისიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის არჩევის წესი იცვლება. მეურვის კანდიდატურა ღია კონკურსით აღარ შეირჩევა, უქმდება წევრობის კანდიდატების შემრჩევი საკონკურსო კომისიის შექმნის პროცედურაც. პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატს შესაბამისი კვოტის მქონე სუბიექტი წარუდგენს. მეურვის ერთ თანამდებობაზე პირის ასარჩევად პარლამენტს მეურვეობის მხოლოდ ერთი კანდიდატი წარედგინება. კანდიდატურის კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხს კი პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი შეისწავლის.